ქართული ტრადიციული პოლიფონია

წინაქრისტიანული ეპოქიდან იღებს სათავეს უმდიდრესი ქართული მუსიკალური ფოლკლორი, რომლის სრულყოფილი და მრავალფეროვანი გამოხატულებაა მრავალხმიანი სიმღერები.

მრავალხმიანობის ყველაზე გავრცელებული და მაღალმხატვრული ფორმაა სამხმიანობა. მრავალფეროვნება განპირობებულია საქართველოს მკვეთრად განსხვავებული ეთნოგრაფიული კუთხეების და დიალექტების გავლენით.

ამის მიხედვით ყალიბდება ქართული ეთნოსების განსხვავებული მუსიკალურ-სამეტყველო ენები, მრავალხმიანობის ფორმები, ტემპერამენტი და შესრულების ფორმები. განსხვავების მიუხედავად მათ აერთიანებთ არსებითი და ერთმნიშვნელოვანი მოცემულობა, რაც მეტყველებს მათს ზოგადქართულ წარმომავლობაზე. ეს არის მკვეთრად გამოხატული სამი ნიშანი - მაღალგანვითარებული სამხმიანობის ფორმა, სიმღერების ჟანრები, რომლებიც ადამიანის სოციალური ყოფიერების ყველა მდგომარეობას და შემთხვევას ასახავს, დაწყებული აკვნის სიმღერიდან („ნანა“) - სამგლოვიარო ჰიმნამდე და სარიტუალო-დანიშნულებითი მიკუთვნებულობა, რაც მათს არქაულ წარმოშობაზე მიუთითებს.

ამას ემატება ზოგად-ემოციური ტონალობა, რომელიც არასოდეს არ არის გადაჭარბებულად პათეტიკური, არც ზეიმის და არც მწუხარების გამომხატველ მუსიკალურ კომპოზიციაში. ყველგან დაცულია ზომიერება და ოქროს შუალედი, რაც ასევე საერთო მახასიათებელია და გამოარჩევს ქართულ ხალხურ მუსიკას მსოფლიო მუსიკალურ ფოლკლორში.

ქართული მუსიკალური ფოლკლორი წარმოდგენილია შემდეგი ჟანრებით:

  1. აკვნის „ნანები“
  2. „ძილისპირულები“
  3. „სამკურნალო“ (თერაპიული)
  4. შრომის, რომელიც სხვადასხვა ქვესახეობებად იყოფა:
    • ა) ხვნა-თესვის (ოროველები და ურმულები)
    • ბ) თოხნის (ნადურები)
    • გ) მოსავლის აღების - მკის, ლეწვის (ნამგლურები, კალოური, ხელხვავები)
    • დ) ყურძნის დაწურვის (საწნახლურები)
    • ე) „ელესა“ (მორების ზიდვა)
  5. კალენდარულ-სადღესასწაულო სიმღერები (ჭონა-ალილოები, სააღდგომო)
  6. უძველესი საწესო სარიტუალო:
    • ა) ჰიმნები
    • ბ) საგალობლები
    • გ) ფერხულები
  7. ბალადები
  8. სატრფიალო სიმღერები, რომლებიც ასევე ქვეჟანრებად იყოფა:
    • ა) ლირიკულ-სატრფიალო (მათ შორის ჩონგურულები)
    • ბ) შაირები
    • გ) საცეკვაო-სათამაშო
  9. მგზავრულები
  10. ლაშქრულები
  11. მაყრულები
  12. სუფრულები
  13. საქორწილო
  14. საძეობო
  15. ღვთაებებისადმი მსხვერპლშეწირვის:
    • ა) ამინდის ღვთაების
    • ბ) მნათობების
  16. დატირებები ქვეჟანრებით:
    • ა) „ზარი“, „დალა“
    • ბ) მოთქმით ტირილი
    • გ) დათვლით ტირილი
    • დ) ქვითინით ტირილი
  17. ლირიკულ-ფილოსოფიური
  18. სახუმარო-საშეჯიბრო
  19. „ღიღინი“

საქართველოში პოლიფონიური სიმღერის ყველაზე გავრცელებული და სრულყოფილი ფორმაა სამხმიანობა. პოლიფონიის სახეებს პირობითი სახელწოდებები აქვთ. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიფონიას (ქართლ-კახეთი) „ბურდონულს“ უწოდებენ გაბმული ბანის ფონზე იმპროვიზაციული ზედა ორი ხმის გამო. დასავლეთ საქართველოში (გურია-იმერეთი) გავრცელებულია ე.წ. „კონტრასტული“ მრავალხმიანობის სახეობა ხმათა ჰორიზონტალურად განვითარებადი, ურთიერთდამოუკიდებელი ნახაზის გამო. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში შემონახულია პოლიფონიის „არქაული“ სახეობა - ე.წ. „კომპლექსური პოლიფონია“, რომელიც სამივე ხმის ვერტიკალურ ნახაზს და კომპლექსურ მოძრაობას გულისხმობს. ქართულ პოლიფონიას თავისი მრავალფეროვნებით და განვითარების შრეებით შეიძლება ვუწოდოთ მუსიკალური არტეფაქტების ცოცხალი სამყარო, რომელიც უმდიდრეს მონაპოვარს წარმოადგენს ისტორიის, კულტუროლოგიისა და ნეიროლინგვისტური მეცნიერებისათვის.

ქართული მუსიკალური ფოლკლორი კუთხეების მიხედვით

სვანეთის მუსიკალური ფოლკლორი

სვანეთის მუსიკალური ფოლკლორი მიჩნეულია ქართული ტრადიციული ფოლიფონიის ყველაზე არქაულ შრედ. ამ მოსაზრებას განამტკიცებს უძველესი საკულტო დანიშნულების სიმღერის ჟანრები და მათი შესრულების სინკრეტული (მუსიკის, ტექსტისა და პლასტიკის ერთობლიობა) ფორმა. სვანური სიმღერების უდიდესი ნაწილი თემატიკით და შინაარსით საკულტო მსახურებას უკავშირდება ტექსტების შინაარსით და სრულდება სარიტუალო ფერხულებით.

ამასთანავე, სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში მკაფიოდ გამოიკვეთება ევოლუციის სამი პლასტი: არქაული, შედარებით გვიანდელი- წინარე ქრისტიანული და ქრისტიანული ეპოქის თემატიკისა და შინაარსის, მუსიკალური ფორმების და შესრულების წესების თვალსაზრისით. თუმცა, საკულტო დანიშნულების რიტუალურ ქმედებების ამსახველი სიმღერები აქტუალურია მთელი ევოლუციის განმავლობაში.

სვანურ სასიმღერო ფოლკლორში მრავალხმიანობის გავრცელებული ფორმაა სამხმიანობა, ე.წ. „კომპლექსური პოლიფონიის“ ფორმა.

სახელწოდება „კომპლექსური“ ეწოდა სამი ურთიერთდამოუკიდებელი ხმის ერთდროული (კომპლექსური) მოძრაობის წესიდან გამომდინარე. ხმათა კომპლექსური(ურთიერთპარალელური) გადაადგილება ვერტიკალში წარმოქმნის არქაული ხმოვანების ინტერვალურ- აკორდულ ბგერათშეხამებებს.

მკაცრად განსაზღვრულ კომპლექსურობას განაპირობებს საკულტო ფუნქციონალი: ხმათა მიმართვა მსახურებაში უნდა იყოს ერთდროული და ერთიანი. ეს გამორიცხავს რომელიმე ხმის მელოდიურ განვითარებას. საკულტო ფუნქციონალით განწესებული მუსიკალური ქსოვილის ფორმისწარმომქმნელ ელემენტად გამოდის ჰარმონია- ერთდროულად გადაადგილებულ ხმათა ვერტიკალში შეწონასწორების პრინციპი.

უძველესი არქაული სიმღერები რამოდენიმე ჟანრისაა: ჰიმნები, საგალობლები და საწესო-საკულტო. ეს უკანასკნელი ფართო რეპერტუარს მოიცავს და რთული აგებულების ფერხულებით სრულდება. ამ ტიპის უძველესი ფორმა- სამ სართულიანი ფერხულები ასევე სამხმიანობასთანაა დაკავშირებული და გამოხატავს პლანეტების მოძრაობისა და დამოკიდებულებათა წესრიგს.

სვანური ფერხული თავისი სიძველით, მუსიკალურ-პლასტიკური შინაარსის უნიკალურობით იმსახურებს განცალკევებით არამატერიალური ძეგლის სტატუსს.

ევოლუციის მომდევნო ეტაპზე (წინა ქრისტიანული) სვანური მუსიკალური ფოლკლორი ჟანრობრივად ფართოვდება ეპოსის მიმართულებით. ზე სამყაროთა არსებებთან მიმართების პარალელურად ჩნდება საგმირო-ეპიკური ჟანრის სიმღერები და შესაბამისი ფერხულები. უფრო მოგვიანებით კი ჩნდება ბალადის ჟანრი და ეპიკურ გადმოცემას ლირიკული შინაარსიც ემატება. ამ დროს ისახება ფერხულებიდან გამონაწევრებული სპეციფიკური სოლო საშემსრულებლო სტილიც.

მოგვიანო პერიოდში, პლანეტებისა და სამყაროს ზე არსებათა რიტუალური დეტერმინაციიდან თანდათან გამოთავისუფლებამ განაპირობა საკრავიერი მუსიკის თანხლების გაჩენა. საგმირო-ეპიკურ, ბალადისა და სალხინო ჟანრის სიმღერებში დამკვიდრდა ჩანგისა და ჭუნირის თანხლება და ამ საკრავების პოპულარობა მთელ სვანეთში. მხოლოდ სვანი ოსტატები ამზადებდნენ ამ უნიკალური ჟღერადობის უძველეს საკრავებს თანამედროვე პერიოდის ჩათვლით.

სვანური სიმღერისთვის დამახასიათებელია მკერდისმიერ რეგისტრში მღერა, რაც უზრუნველყოფს დაბალი და საშუალო სიხშირის ბგერების აჟღერების რეჟიმს. ამ მხრივ მას საერთო აქვს დასავლეთ საქართველოს მთის (რაჭა, ლეჩხუმი) სიმღერების ტემბრულ-აკუსტიკურ მახასიათებლებთან.

რაჭის მუსიკალური ფოლკლორი

საწნახელი
საწნახელი

რაჭა საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხეა. ის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და იქ ადამიანების საცხოვრისი დაფიქსირებულია ბრინჯაოს ხანიდან.

რაჭის მუსიკალური ფოლკლორის მიმოხილვის დაწყება საინტერესო იქნება ამ კუთხის სახელწოდების განხილვით. ერთ-ერთი ვერსიით რაჭა შესაძლოა წარმოადგენდეს უძველესი შუმერულ-აქადურ-ეგვიპტური მზის კულტის ღვთაება „რა“-ს და ქართული „ჭა“-ს კომპოზიტს. ასევე, მეცნიერები ავლებენ პარალელს ქართულ „ჭა“-სა და შუასპარსულ čāh- ს შორის. ეს ბადებს ვარაუდს - შესაძლოა რაჭა წარმოადგენდა მზის უძველესი კულტმსახურების ადგილს, სადაც იკრიბებოდა მზის ენერგეტიკული კონცენტრაცია. აქედან-ჭა - დაგროვების, დაგუბების ადგილი.

ამ ვარაუდს აგრეთვე განამტკიცებს რაჭული სიმღერების პოლიფონიისა და ხმათასვლის მჭიდრო ნათესაობა სვანურ მუსიკალურ ფოლკლორთან, სადაც მზის კულტმსახურებისადმი მიძღვნილი სიმღერა-ფერხულები უმნიშვნელოვანეს საწესო რეპერტუარს განეკუთვნება. ამ აზრის სასარგებლოდ მეტყველებს აგრეთვე მზის ღვთაების აღმნიშვნელი უხვი გლოსოლალიების არსებობა სვანურ და რაჭულ სიმღერებში, როგორიცაა- “რე” “რა” “ორ” “ერ” “რა” “რა”-“შა” და ა.შ. და ბოლოს ამ აზრის დამასაბუთებელი რთული ორგუნდოვანი რაჭული საწესო სიმღერა- “რაევო” (“რა” “ევ” “ო”) ეს თემა რა თქმა უნდა წარმოადგენს ინტერდისციპლინური კვლევის საგანს,მაგრამ ეს ასპექტიც მეტყველებს რაჭული სიმღერის მელოდიურ-ჰარმონიული წყობისა და კომპლექსური პოლიფონიის ორგანულ ერთიანობაზე სვანურთან.

მეორე მხრივ- რაჭული მუსიკალური ფოლკლორი სიახლოვეს ამჟღავნებს ქართლ-კახური ბურდონული მრავალხმიანობის ტიპთან. ეს ნიშნავს გაბმული (უწყვეტი) ბანის ფონზე ზედა ორი ხმის მელოდიურ განვითარებას. ეთნომუსიკოლოგების ვარაუდით ეს გავლენა უფრო მოგვიანო ეტაპზე გაჩნდა მხარეთა შორის კავშირების გაფართოების შედეგად. თუმცა აქ უმნიშვნელოვანია ხასიათი, ტემპერამენტი და ბუნება, რითაც რაჭა საკმაოდ დაშორებულ კახეთის რეგიონს უფრო ენათესავება ვიდრე მეზობელ იმერეთსა და გურიას.

რაჭის მუსიკალურ ფოლკლორში მრავალხმიანობის გავრცელებული ფორმაა სამხმიანობა. ერთხმიან სიმღერებს ძირითადად მოგვიანო პერიოდს მიაკუთვნებენ ჟანრობრივი არეალის გაფართოებიდან გამომდინარე.

სამხმიანი სიმღერების რეპერტუარი მრავალფეროვანია. არქაიკის თვალსაზრისით დომინანტია საწესო-სარიტუალო ფერხულები ორპირული საგუნდო შესრულებით. ეს რეპერტუარი მოგვიანებით შრომის სიმღერებთან ერთ ჟანრში მოექცა, თუმცა მათი უძველესი წარმომავლობა საკულტო მსახურების კალენდარულ-საწესო რიტუალებს უკავშირდება.

სვანური სასიმღერო ფოლკლორის მსგავსად მოგვიანო ეტაპზე რეპერტუარი ფართოვდება საგმირო-ეპიკური საფერხულო სიმღერებით და ბალადებით საკრავიერი მუსიკის თანხლებით. ქრისტიანული ეპოქის კულტურულ შედევრებად შეიძლება ჩაითვალოს საქორწილო მაყრული (ლაშქრული, მგზავრული) და საწნახლური სიმღერები. ლირიკულ-სატრფიალო, სახუმარო და სათამაშო (საცეკვაო) სიმღერების მდიდარი რეპერტუარი, რომელშიც ხშირად გამოიყენება ხალხური საკრავები ფანდური, ჭუნირი, ჩანგი და გუდასტვირი.

ლეჩხუმის მუსიკალური ფოლკლორი

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო ნაწილში მდებარეობს. სვანეთისა და სამეგრელოსაგან მთები ჰყოფს, ხოლო რაჭისა და იმერეთისაგან მთის მდინარეების წყლები. ზოგი ისტორიული ცნობის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი სვანებით დასახლებულ ერთმთლიან ტერიტორიას წარმოადგენდა. ლეჩხუმის ფოლკლორულ- მუსიკალური მეტყველება შეიძლება ამ ცნობის ერთ-ერთ დადსტურებად მივიჩნიოთ.

ლეჩხუმური მუსიკალური ფოლკლორი მრავალხმიანობის ტიპის მიხედვით სვანური და რაჭული პოლიფონიური სიმღერების ახლო მონათესავეა. მრავალხმიანობის ტიპი შეიძლება განისაზღვროს როგორც არა მკაცრად კომპლექსური. ლჩხუმური სიმღერების არაქული შრე სვანურის და რაჭულის მსგავსად საფერხულო-საწესო ჟანრის სიმღერებით გამოიხატება. სხვა ჟანრის სიმღერების ხვედრითი წონა გაცილებით დიდია. სიმღერების ჟანრობრივი ზოგადმორფოლოგიური ანალიზით დგინდება ლეჩხუმური ფოლკლორის ადრეულ ეტაპზე ჟარობრივი გამრავალფეროვნება სვანურთან შედარებით. შესაბამისად ლეჩხუმური სასიმღერო რეპერტუარი მდიდარია შრომის საწესო(კალენდარული),მაყრული(მგზავრული), სუფრული,ლირიკული(ლირიკულ-ეპიკური) ჟანრებით.

ლეჩხუმური სიმღერის მთავარი მახასიათებელია განუმეორებლად რბილი, ზომიერად ლირიკული ტონები და ხავერდოვანი ტემბრები, რაც მას გამოარჩევს დასავლეთ საქართველოს მთის სარეპერტუარო და საშემსრულებლო ჟანრებისა და ინტონირებებისგან. ეს პატარა და ძალზე თვითმყოფადი ეთნოკულტურა ძალზე თბილ, მიკროსოციალურ კოლორიტს წარმოქმნის და გამორჩეულ ნათებას სძენს ქართული ტრადიციული პოლიფონიის პალიტრას.

მეგრული მრავალხმიანი სიმღერა

ჩონგურ-ფანდური
ჩონგურ-ფანდური

სამეგრელოს მუსიკალური ფოლკლორი და მეგრული მრავალხმიანი სიმღერა უნიკალურ ადგილს იკავებს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის საგანძურში.

ეს უნიკალურობა გამოიხატება რამოდენიმე ასპექტით:

1.ერთხმიანი სიმღერების მრავალფეროვანი ჟანრებით. ერთხმიანი ძილისპირულები (აკვნის „ნანები), სამკურნალო (ე.წ. „საბოდიშო“), ლირიკულ-სატრფიალო, სახუმარო სიმღერები და ბალადები განვითარებული ინსტრუმენტული თანხლებით სრულდება.

2.სამეგრელოში უნიკალურია სამხმიანი საწესო ე.წ. „სამკურნალო“ სიმღერების შესრულება ჩონგურების თანხლებით. ეს უძველესი ტრადიცია შორეული წარსულიდან მომდინარეობს და უკავშირდება ე.წ. „საყმაწვილო“ ინფექციებისგან განკურნებას, სიცოცხლის გადარჩენას. ეს კულტურა სამეგრელოში ცნობილი იყო „მეჩონგურე ქალების“ საწესო რიტუალის ტრადიციით. „მეჩონგურე ქალების“ განსაკუთრებული ტემბრები და შესრულების სტილი წარმოადგენდა სპეციფიკურ (გენეტიკურ) მუსკოთერაპიულ ნიჭს. ამ გენეტიკური ნიჭის მქონე მეჩონგურეებს იწვევდნენ რეგიონში საყმაწვილო ინფექციების გავრცელების კერებში. მუსიკოთერაპია წარმოადგენდა ზოგადსაწესო რიტუალის აუცილებელ ატრიბუტს.

3. მეგრული მრავალხმიანი სიმღერის კულტურა ერთი მხრივ ენათესავება სვანურს- კადანსირების წინ ხმათა კომპლექსური მოძრაობით, აკორდულ-ინტერვალური კონფიგურაციით და ვაჟკაცურად მკაცრი ემოციური ტონალობით. მეორე მხრივ- განვითარებული ხმათასვლით, მოძრავი ბანით და მეოთხე დამატებითი ხმის კოლორისტული ფუნქციით ტოლერანტობას ამჟღავნებს გურიის კუთხის მრავალხმიანობასთან.

4. მეგრულ მუსიკალურ ფოლკლორში პროპორციულად არის წარმოდგენილი ნატიფი ლირიკული და ვაჟკაცურ-მედგარი სიმღერები.

5. მეგრული ვოკალური საშემსრულებლო სტილის უნიკალურობაზე მეტყველებს ერთდროულად „თავის“და „მკერდის“ რეზონატორული აპარატის გამოყენება.

სამეგრელოში მრავალხმიანობის გავრცელებული ფორმაა სამხმიანობა. თუმცა გურიის მსგავსად სამეგრელოშიც არის სიმღერები მეოთხე მაღალი ხმის- კრინის დამატებით, შეძახილ-შემოძახილის ფუნქციით.

სამხმიანი სიმღერები სრულ ჟანრობრივ სპექტრს მოიცავს და ხშირად ჩონგურის ან ჩონგურების და ჩანგის თანხლებით სრულდება. ამას განსაზღვრავს სიმღერის ჟანრი- ლირიკული, ლირიკულ-სატრფიალო, სამკურნალო( ე.წ. „იავნანები“),სახუმარო, სალაღობო და აკვნის (ძილისპირული) ნანები.

რთული, კონტრასტულ-პოლიფონიური სიმღერები განვითარებული ბანით ძირითადად შრომის-საწესო და საქორწილო-საწესო ჟანრის სახით არის წარმოდგენილი. ზოგადქართული ტრადიციული პოლიფონიის წესის შესაბამისად ეს ურთულესი საწესო სიმღერები სრულდება ორ გუნდოვნად (ე.წ. „ორპირული“ შესრულება). ეს მეტყველებს მეგრული ვოკალური პოლიფონიის წარმომავლობაზე უძველესი, ქრისტიანობამდელი კულტმსახურებიდან, რაც გამოიხატებოდა ორაკულების გადმოცემებში და უმაღლეს ქურუმთა მიერ ამ გადმოცემების გახმოვანებაში.

აფხაზური ხალხური სიმღერა

აბხარცა
აბხარცა

აფხაზეთი, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროს ზოლზე, მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის. აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და არ განისაზღვრებოდა ეთნიკური ნიშნით. ეს იმას ნიშნავს რომ ამ მხარეში ოდითგანვე თანაცხოვრობდნენ ქართულ-აფხაზური ტომები: მეგრელები, სვანები, რაჭველები. აფხაზური ტომები წარმოდგენილი იყვნენ საკუთარი დიალექტებით.

აფხაზი ეთნოსი, თავისი თვითმყოფადი სოციო-კულტურული აღნაგით და შინაარსებით ისტორიულად წარმოადგენდა კოლხური კულტურის ნაწილს. აფხაზური ტრადიციები, ზეპირსიტყვიერება, მუსიკალური ფოლკლორი და სოციალური წყობა არის ზოგადკავკასიური და ენათესავება ქართული მთის რეგიონების სოციუმის ცხოვრებას. ქართულ-აფხაზური ნათესაურობაც ამ ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა- ბარის- კოლხურმა და მთის- კავკასიურმა ეთნო-კულტურულმა კავშირმა, რაც სისხლისმიერ ნათესაურ კავშირებში, ძმობასა და მეგობრობაში გამოიხატა. ეს ნათესაურობა, ძმობა, ცხოვრებისეული შინაარსების გაზიარება, ურთიერთპატივის მიგება ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ერთობად ჩამოყალიბდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ეს ერთობა ყველაზე მკაფიოდ აფხაზურმა მუსიკალურმა ფოლკლორმა შემოგვინახა. კერძოდ- საქართველოს ფარგლებს გარეთ კავკასიის რეგიონში ტრადიციული პოლიფონიის სამხმიანი ტიპი მხოლოდ აფხაზურ ფოლკლორშია დაფიქსირებული, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზური ეთნოსების საერთოობის კვლევის თვალსაზრისით.

ქართულ-აფხაზური ერთობა აშენებულია მრავალსაუკუნოვანი სისხლისმიერი კავშირებით და კავკასიური ზნეობის - ტრადიციებისა და წესების, ვაჟკაცობის, ოჯახისა და გვარის, სოციუმის უფროსის უპირობო აღიარებით და სამუდამო ერთგულებით. აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის ჟანრებს შორის უძველესია საწესო-საფერხულო,სადღეობო, საქორწილო,სიმღერა-შაირები, საგმირო ეპოსის ნიმუშები, რომლებიც აფხაზეთში გავრცელებული სიმებიან-ხემიანი საკრავის- აფხიარცას თანხლებით სრულდება.

გურიის მუსიკალური ფოლკლორი

პოლიფონიური ქსოვილით, ხმების რაოდენობისა და განვითარების ფორმით გურული სიმღერა გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის საგანძურში.

გურიაში მრავალხმიანობის გავრცელებულ ფორმას სამხმიანობა წარმოადგენს, თუმცა ხშირია ოთხი და ხუთი ხმის შემთხვევები.

გურული სიმღერის პოლიფონიის სახეობას კონტრასტულს უწოდებენ, რადგან ყველა ხმას გააჩნია საკუთარი, დამოუკიდებელი მელოდიური ხაზი, რაც ვერტიკალში საოცრად დინამიურ, რიტმულად განსხვავებულ კონტრაპუნქტს წარმოქმნის და რეგულირდება უნიკალური ჰარმონიის კანონზომიერებით.

საქართველოში კომპლექსური მრავალხმიანობის გარდა ყველა ტიპის პოლიფონიურ სიმღერებში, მათ შორის გურულშიც არის ე.წ. დამწყები ხმა (მთქმელი), მოძახილი და ბანი (ძველქართულად- მზახრ, ჟირ, ბამ).

გურული სიმღერის უნიკალურობას განსაზღვრავს დამწყებ ანუ პირველ ხმასთან მონაცვლე ე.წ. „კრიმანჭული“, იგივე „გამყივანი“(ხმა თითქოს ყივის) და აგრეთვე დამატებითი, ძირითად ტონზე გაბმული ხმა- ე.წ. „ზილი“, რომლის ფუნქციაა ძირითადი ტონის „დაჭერა“, რათა თავბრუდამხვევ ტემპში ხმები არ აცდნენ კილოს საყრდენ ტონს.

ამ უნიკალურობით გურული სიმღარა გამოირჩევა არა მხოლოდ ქართული ტრადიციული პოლიფონიის მაღალმხატვრულ შედევრებში, არამედ წარმოდგება როგორც მსოფლიო მუსიკალური ფოლკლორის მწვერვალი.

მაღალ რეგისტრში მეტრო-რიტმულად ურთულესი ნახაზის მქონე კრიმანჭულის მელოდიის შესრულება მიღწევადი ხდება ე.წ. „თავის რეგისტრის“ გამოყენებით. აკუსტიკური რეზონანსის შესაქმნელად მომღერალი რეზონატორებად იყენებს ცხვირისა ჰაიმორის ღრუებს, ცხვირის ხიდს,შუბლის წიაღს. ცხადია რომ კრიმანჭულის მთქმელს სუნთქვისა და ბგერის აღების განსაკუთრებული უნარები აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს მართოს საჭირო ანატომიური მონაცემები. შესაბამისად, კრიმანჭულს ყველა ვერ იტყვის და კრიმანჭულის ტრადიცია სწავლებით ვერ გადაეცემა. ეს არის ადამიანის რიტმული სისტემის მართვის თანდაყოლილი (გენეტიკური) ნიჭი.

კრიმანჭულს ხშირად ადარებენ ევროპის ალპური ზონის მკვიდრთა მღერის მანერას- იოდლის. თუმცა იოდლის სტილი და კრიმანჭული სირთულითაც და ფუნქციონალითაც ძლიერ განსხვავდება კრიმანჭულის უპირატესობით.

როგორც აღნიშნავენ „იოდლის“ წარმოშობა უკავშირდება მთიან ზონაში მწყემსებს შორის ბგერათსიგნალების გადაცემის საჭიროებას. თუმცა ეს საკითხი საფუძვლიან მეცნიერულ კვლევას მოითხოვს, რასაც შესაძლოა ბიძგი მისცეს კრიმანჭულის კვლევამ. აღსანიშნავია რომ კრიმანჭული მთლიანად აგებულია ე.წ. „გლოსოლარიებზე“. სიტყვებზე, რომლებსაც დღევანდელ ვერბალურ კომუნიკაციაში მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგული აქვთ, თუმცა წარსულში ეს სიტყვები უძველეს ღვთაებებს და ღვთაებებისადმი სახელდებით მიმართვებს წარმოადგენდნენ.

კრიმანჭული პირდაპირ კავშირშია გურული სასიმღერო ფოლკლორის არქაულ შრესთან და იმ პოპულარულ ჟანრებთან, რომლებიც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული გურიისა და აჭარის რეგიონში.

ეს ჟანრებია ე.წ. „ნადურები“, საქორწილო ფერხულები, ფილოსოფიური ლირიკის და მოგვიანო ისტორიული ეპოსის ჟანრის სიმღერები.

„ნადურები“- რომლებიც შრომის სიმღერებადაა მიჩნეული, სინამდვილეში საწესო-სარიტუალო მნიშვნელობისაა და მიწის სამუშაომდე სრულდებოდა როგორც მიმართვა არქაული კულტის მზისა და მთვარის, ამინდისა და მოსავლის ღვთაებებისადმი. ეს მიმართვები სწორედ კრიმანჭულის- ანუ ყველაზე მაღალი სიხშირის ბგერების მქონე ხმით ხორციელდება. ეს ჟანრი და კრიმანჭულის ფუნქციონალი შემდგომ მეცნიერულ კვლევას მოელის.

გურული სიმღერების ვოკალური მახასიათებელი- ზედა ე.წ. „თავის რეგისტრი“, განაპირობებს ყველა ხმის მაღალ ვიბრაციებსა და სისხარტეს, მეტრო-რიტმის რთულ ნახაზს და დინამიკას.

გურული სასიმღერო ფოლკლორი მოიცავს ზოგადქართულ ტრადიციული მრავალხმიანობის თითქმის ყველა ჟანრს. არქაული ურთულესი საწესო სიმღერების თანმდევად წინა და ადრექრისტიანობაში განვითარებული ხალხური კილოს საშობაო (საკალანდო) და სხვა ქრისტიანული (არაეკლესიური) საგალობლების ჩათვლით.

მოგვიანო, ქრისტიანული კულტურის ეტაპზე განვითარდა საკრავიერი თანხლებაც: დასარტყამი საკრავი (დოლი) საქორწილო ფერხულებში, ჩონგურის განვითარებული პარტიები ლირიკულ-სატრფიალო, ე.წ. სამკურნალო (საბოდიშო) და ისტორიული ბალადის ჟანრის სიმღერებში. გურია-აჭარის მხარეში გავრცელებული საკრავებია- დოლი, ჩონგური, ლარჭემ-სოინარი და გუდასტვირი.

ლაზური სიმღერა

გუდასტვირი
გუდასტვირი

ლაზეთი- ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოლხური ტომით-ჭანებით იყო დასახლებული, მუდმივად ადგილმონაცვლეობდა ფეოდალური საქართველოს სამთავროების შემადგენლობაში. XI საუკუნიდან ჭანეთის ნაწილი ბიზანტიამ დაიკავა. ბიზანტიის დაშლის შემდეგ ქართველთა მიერ დაარსებულ ტრაპიზონის (ტრაპეზუნტი) იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, XIIIს-ის ბოლოდან მესხეთის შემადგენლობაში იყო, საბოლოოდ კი 1547წ. რეგიონის უმეტესი ნაწილი ოსმალეთმა მიიტაცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წლიდან მისი უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა ხოლო მცირე ნაწილი (სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

ეს ისტორიული მიმოხილვა საჭირო იყო ლაზეთისა და ლაზების ძნელბედი წარსულის და ცხოვრების წარმოსადგენად,მისი კულტურულ-ეთნოგრაფიული დახასიათებისათვის.

რეგიონის ნაწილი, რომელიც ახლა მისი სამშობლო საქართველოს შემადგენლობაშია, აგრეთვე ექვემდებარებოდა სხვადასხვა სახელმწიფოთა დაქვემდებარებებს და მძიმე გავლენებს.

ლაზეთის მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშების მოპოვება, აღდგენა და დაცვა სახელმწიფოს ზრუნვის საგანს წარმოადგენს. გარკვეული პროექტებით მყარდებოდა კავშირები თურქეთის ლაზ მუსიკოსებთან. იქმნებოდა ლაზური სიმღერის მოპოვების და პოპულარიზაციის ერთობლივი პროგრამები, რომლებსაც თურქეთის მხრიდან დიდ ზრუნვას და ამაგს უწევდა ცნობილი ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ.

ლაზური სასიმღერო ფოლკლორის გადარჩენა დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.

„საქართველოს ლაზეთის“ მუსიკალური ფოლკლორი შეიზლება დახასიათდეს როგორც სამმაგი გავლენის მქონე. ერთი მხრივ მან შეინარჩუნა პოლიფონიური ორგანიკა. მეორე მხრივ განიცადა მეზობელი რეგიონების- აჭარის და სამეგრელოს კუთხეების გავლენა და აგრეთვე მიიღო აღმოსავლური კოლორიტი, რაც მელოდიის იმპროვიზაციულ გამღერებასა და მელიზმატიკაში, აღმოსავლურ კილო-ჰარმონიულ საქცევებში გამოიხატება.

ლაზური სიმღერის შემორჩენილი ნიმუშები ძირითადად საწესჩვეულებო და სატრფიალო ჟანრისაა. სიმღერის დტრუქტურაში გამოიკვეთება სოლო-წამყვანი ხმა (მთქმელი, რომელსაც სტროფის ბოლოს ბანი და მიმყოლი ხმა უერთდება.

ლაზური სატრფიალო მელანქოლიური ლირიკაში თითქოს ხმოვანებს ისტორიული წარსულის გამოძახილის დაბინდული ტონები, რაც გამოარჩევს ლაზურ სიმღერას დასავლეთ საქართველოს ფერადოვან მუსიკალურ პალიტრაში.

იმერეთის მუსიკალური ფოლკლორი

დასავლეთ საქართველოს დაბლობის რელიეფისა და კლიმატის სივრცეში განთავსებულია ზოგადდასავლური ხასიათის და ესთეტიკური გემოვნების ოქროს კვეთის წერტილი- იმერეთის მუსიკალური ფოლკლორი.

გურული სიმღერების ცეცხლოვანი კონტრასტულ-პოლიფონიური და მეგრული კონტრასტულ-კომპლექსური დაბალანსებული მრავალხმიანობის გარემოცვაში იმერული მრავალხმიანი სიმღერის თვითმყოფადობა და კოლორიტი წარმოჩნდა პრიორიტეტულ ჟანრებში, პოლიფონიური ხმათასვლის ფორმებში და ემოციურ წონასწორობაში.

იმერეთში მრავალხმიანობის გავრცელებული ფორმის- სამხმიანი სიმღერების ძირითადი ჟანრებია მგზავრული- იგივე ლაშქრული, მაყრული, შრომის, სატრფიალო და სახუმარო, სადღეობო (ხალხური დღესასწაულები) სალაღობო სუფრულები.

დამოუკიდებელი ხმათასვლა მოქნილია, მკვირცხლი და მსუბუქი. უნდა აღინიშნოს რომ იმერეთის მთაგორიანი და დაბლობი კუთხეების მიხედვით მუსიკალური ენაც განსხვავდება, მაგრამ საერთო მახასიათებელია საშემსრულებლო „ტაქტის“ გრძნობა. დახვეწილობა და ზომიერება ხმათასვლის დინამიკისა და ტემპის, ემოციური ტონუსის მხრივ. იმერული სიმღერები ჟანრის შესაბამისად განმსჭვალულია მსუბუქი ლირიკით, მსუბუქი იუმორით, პოეტურად მწყობრი, მოკლე მუსიკალური ფრაზებით და სტროფებით.

იმერული მუსიკალური ფოლკლორის ენა გამორჩეულია მელოსის ტოლერანტობის მხრივაც. იმერეთის მხარე პირველი რეგიონია საქართველოში, რომელმაც დასაბამი მისცა ქალაქურ მუსიკალურ ფოლკლორს. ისტორიული პროცესების გავლენით იმერეთის მთავარ ქალაქებში, სამრეწვლო ცენტრებში გაჩნდა ევროპული მუსიკის კერები, შემოვიდა ევროპული მუსიკალური საკრავები. იმერული მუსიკალური ფოლკლორი შენარჩუნდა და განაგრძო არსებობა, მაგრამ მის პარალელურად გაჩნდა ახალი ტენდენცია რომელმაც ფოლკლორულ ენას შეუთავსა ესთეტიკურად მისაღები უცხო მუსიკალური მეტყველების ელემენტები-კილო-ტონალობა, საქცევები და კადანსები. წარმოიშვა ქართული მუსიკის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო ჟანრი- მრავალხმიანი ქალაქური ფოლკლორი, რომლის სამშობლო გახდა იმერეთი ტოლერანტული ხასიათის, მუსიკალური ენისა და ფორმების მოქნილობის, ლაღი, მსუბუქი ბუნების მეოხებით.

ქართლის მუსიკალური ფოლკლორი

ქართლი- ისტორიული მხარე საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, რომელისაც „საქართველოს გულსაც“ ეძახიან ერთ დროს მთელი საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინი იყო. ქართლს ანუ შემდგომში იბერიის სამეფოს (ძვ.წ.აღ.IV-IIIს) უფრო მოგვიანებით ეწოდა საქართველო. გადმოცემის მიხედვით სახელწოდება - „ქართლი“, „საქართველო“- მომდინარეობს ქართველთა ეთნარქის- ბიბლიური ნოეს ვაჟიშვილის ქართლოსის სახელიდან.

ქართლის ცენტრალურ ნანწილში უძველესი დროიდან მდებარეობდა სატახტო ქალაქი- მცხეთა და Vს-დან დღემდე საქართველოს დედაქალაქი-თბილისი.

ქართლი იყოფა ზემო, ქვემო და შუა ნაწილებად, როგორც ვარაუდობენ მდინარე მტკვრის შენაკადების მიხედვით. ქართლში აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობენ Iათასწლეულის ცივილიზაციის არსებობაზე. დმანისის ტერიტორიაზე წარმოებული გათხრებით აღმოჩნდა და დადგინდა 1.8მლნწლის წინანდელი ადამიანების-ჰომინიდების თავის ქალისა და ჩონჩხის ნაწილები, რაც ადრეულობით ბევრად აღემატება აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე მოპოვებული ჰომინიდების არქეოლოგიურ არტეფაქტებს.

ქართლის ტერიტორიის ბუნებრივი დაყოფა მიუთითებს მისი გეოგრაფიული მონაკვეთების კონტრასტულობაზე. მცენარეული საფარის ენდემურ მრავალფეროვნებაზე. ბარის, მაღლობ-მთიანი რეგიონებისა და ნახევრად უდაბნოს კლიმატურ გავლენებში მცხოვრები სოციუმის განსხვავებულობაზე.

ამ ყოველივეს შესაბამისად, ქართლის სოციო-კულტურული არეალი მრავალფეროვანია და განიცდის მოსაზღვრე კუთხეების გავლენას. ამ გავლენის საუკეთესო მაგალითია ქართლის მუსიკალურ ფოლკლორში ცალკე გამოკვეთილი ე.წ. „ქართლ-კახური“ ნაკადი.

საერო მმართველობის (სატახტო დედაქალაქი) და ქრისტიანული რელიგიის (საკათედრო-სატაძრო) ეპიცენტრის არსებობა, მჭიდრო დასახლება ერთის მხრივ ხელს უწყობდა სავაჭრო და საქმიან ურთიერთობათა თავმოყრას და ინტერნაციონალურ მრავალფეროვნებას. მეორე მხრივ კი განაპირობებდა ქართლზე მეზობელ სახელწიფოთა იერიშებს, თავდასხმა-შემოსევებს მოსაზღვრე ტომებისაგან. ამის გამო ქართლი იყო ისტორიული სამიზნე და კუთხეებს შორის გამორჩეული, პირველი დარტყმების მიღების მხრივ. პერმანენტულად. ამ ისტორიულმა ფაქტორმა თავისი დაღი დაასვა ქართლის მუსიკალურ ფოლკლორს, რომლის დიდი ნაწილი არასტაბილური ცხოვრების წესისა და მუდმივი სოციალურ-ეკონომიკური გაჩანაგების პირობებში თითქმის გაქრობის პირამდე მივიდა.

ქართლის სასიმღერო ფოლკლორში გადარჩა და დაცული აღმოჩნდა იმ ჟანრის სიმღერები, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ყოფიერების შენახვას. ეს ჟანრებია- შრომის საწესო-კალენდარული, მაყრულ-მგზავრულები ლაშქრულები, ე.წ. „სათამაშო“(საცეკვაო) სიმღერები, შაირები და აკვნის ნანები.

განსაკუთრებით მდიდარი რეპერტუარი შრომის სიმღერის ჟანრს გააჩნია.

ქართლში ვხვდებით უაღრესად საინტერესო ერთხმიან სიმღერებს- „ურმულებს“, „ოროველებს“(საწესო) ერთ და ორხმიან“გუთნურებს და სამხმიან სიმღერებს, რომლებიც შრომის პროცესის უშუალო ნაწილია.გარკვეული ინტროდუქციაა, რომლესაც აზარტში შეჰყავს შრომის მონაწილე გუნდი.

ქართლის შრომის სიმღერების უდიდესი ნაწილი უკავშირდება პურის მოყვანის, მომკის, და გალეწვის პროცესს. აქ გამოიკვეთება ქვეჟანრები: ნამგლურები, ჰოპუნები(ჰოოპუნა), კალოსპირულები, ცალკე ჟანრი- საწნახლურები.

მნიშვნელოვანია საწესო-კალენდარული ჟანრები- „ლაზარე“( წარმართული საწესო) ალილო (შობის), „ბერიკა“(საშემოდგომო-საფერიცვალებო) სადღეობო(საძეობო), მაყრული, ლაშქრული და საქორწილო, სამკურნალო(„იავნანები) და ლირიკულ-ეპიკური სიმღერები.

ქართლის სამხმიანი სიმღერების მახასიათებელია სირბილე,ზომიერება და სისადავე. მოკლებულია მეზობელი კახეთის მონუმენტურ სტილსა და ფართო სუნთქვის იმპროვიზაციულ გაქანებას. შეიძლება ითქვას რომ ქართლს „დრო არ ჰქონდა“ ფართო სუნთქვის, დინჯი და იმპროვიზაციულად განვითარებადი ხმათა შეჯიბრისა. ის უფრო სადა, მოკლე და ლაკონურ ფორმაში ახმოვანებდა ბუნებისა და სიცოცხლის ურთიერთობის ექოს.

უნიკალურია ქართლის სოციუმისთვის სახასიათო იუმორი, რასაც ის ავლენს ე.წ. „შაირებსა“ და „სათამაშო“(საცეკვაო) სიმღერებში ასევე უნიკალური ტექსტებით, რომლებშიც გამოთქვამს ცხოვრებისეულ იუმორს, როგორც ხალხურ სიბრძნეს.

ქართლში გავრცელებული მუსიკალური საკრავებია- ფანდური, სალამური, დოლი და დიპლიპიტო.

მესხეთის მუსიკალური ფოლკლორი

მესხეთად იწოდება ზემო ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. ანტიკურ წყაროებში ეს ტერიტორია და მისი მოსახლეობა მოიხსენიებოდა მოსხიკეს და მოსხების სახელწოდებით (სტრაბონი, ძვ.წ.აღ.64-63წწ).

ქართულ საისტორიო წყაროებში ზემო ქართლის ქართულ ტომს მესხებს უწოდებდნენ და ეს სახელი ტერიტორიაზეც გავრცელდა.

მესხეთი ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურულ-სტრატეგიული რეგიონი იყო. მდებარეობის გამო ეს ტერიტორია მუდმივ შემოსევათა პირველ იერიშებს და გამანადგურებელ დარტყმებს ღებულობდა და გამუდმებულ თავდაცვით და მოგერიების პირობებში ცხოვრობდა. ამის მიუხედავად, მშვიდობიანი პერიოდისა და საქართველოს გაერთიანებისთანავე მესხეთში კვლავ ღვივდებოდა საგანმანათლებლო-სადამწერლობო, ქრისტიანულ-სამოძღვრებო და სატაძრო კულტურა. მესხეთში ბოლო დრომდე შემორჩა უძველესი წარმართული, წინაქრისტიანული და ადრექრისტიანული კულტურის შრეები წეს-ჩვეულებების, არქაული ღვთაებების საკულტო და წინარექრისტიანული ტრადიციების სახით, რაც შემონახულია კალენდარული რიტუალური ზეპირსიტყვიერი ტექსტების, ფერხულების და საკულტო- რელიგიურ ქმედებათა სახით.

ისტორიული ძნელბედობის გამო მესხეთის თვითმყოფადი ზეპირსიტყვიერი და მუსიკალური ფოლკლორიდან მცირედია შემონახული.

მესხური სასიმღერო ფოლკლორი ქართლის ნაწილია და იზიარებს მის საერთო კანონზომიერებებს. თუმცა, მუსიკალურ ყურს არ გამოეპარება უნიკალური, მხოლოდ მესხურისთვის დამახასიათებელი თვითმყოფადი, განსაკუთრებული „არქაული“ კოლორიტი საფერხულო სიმღერის ეპიკურ ჟანრულ მახასიათებლებში: ორგუნდოვანებასა და მელოდიის სტრუქტურის სისადავეში, საფერხულო ნაბიჯზე გათვლილ დინჯ ტემპსა და გულში ჩამწვდომ ტემბრებში.

მესხური სიმღერების მოკვლევასა და აღდგენაზე მუშაობდნენ ქართველი ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები და ავთენტური სიმღერის ენთუზიასტები.

სწორედ მათი წყალობით შემორჩა რამოდენიმე ათეული აღდგენილი ნიმუში, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ ამ ძირძველი ისტორიული კუთხის ეთნომუსიკალური ტრადიციის შესახებ. შემორჩენილი მესხური სიმღერები უპირატესად საგმირო-ეპიკური, საწესო-რიტუალური, ბალადის და სუფრული ჟანრისაა. თუმცა, ამ მოკრძალებულ ჟანრულ არეალში თითოეული სიმღერა გამოირჩევა თვითკმარი მუსიკალური შინაარსით და მხატვრული ესთეტიკით, რაც მას უნიკალურ ადგილს უმკვიდრებს ქართლის მუსიკალური ფოლკლორის სივრცეში.

კახეთის მუსიკალური ფოლკლორი

მარანი
მარანი

უძველესი ისტორიული და განვითარებული ეთნოსოციალურ-კულტურული კუთხე- კახეთი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში.

დასავლეთით მას ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით წყალგამყოფი ქედი გამოჰყოფს თუშეთისგან.

ჩრდილოეთით კახეთს აგრეთვე კავკასიონის ქედის მაღალი მთები საზღვრავს დაღესტანისა და ჩეჩნეთისგან. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება.

კახეთის გეოლოკაციის მახასიათებელი ბუნებრივი და სოციალური პირობები აისახა კახური მუსიკალური ფოლკლორის გამორჩეულ მრავალფეროვნებაზე.

კახური სასიმღერო ფოლკლორი რთული მაღალმხატვრული ნიმუშებით ისეთივე დომინანტია აღმოსავლეთში, როგორც გურულ-აჭარულ ფოლკლორი დასავლეთ საქართველოში. კახეთში გვაქვს როგორც მრავალხმიანი( სამხმიანი), ასევე განვითარებული ერთხმიანი სიმღერების მრავალფეროვანი რეპერტუარი, რომლებსაც ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში მხატვრული სრულყოფილების უნიკალურობის თვალსაზრისით.

სამხმიანობა არის კახეთში გავრცელებული მრავალხმიანობის ტიპი, რომელიც ეთნომუსიკოლოგიაში ე.წ. „ბურდონულ“ მრავალხმიანობად იწოდება. ეს სახელწოდებაც ცხადია რამდენადმე პირობითია, რადგან ბურდონი- რაც უწყვეტ, გაბმულ ხმოვანებას ნიშნავს, არ მიუთითებს კახურ სიმღერაში სახელდობრ ბანის უწყვეტობაზე, რომლის ფონზე ვირტუოზულად იმპროვიზაციული ორი ზედა ხმის დიალოგი ვითარდება.

ბანი- კახური პოლიფონიური სიმღერის ფუძეა, რომელიც სიმღერის დასაწყისში ზედა ხმის მიერ მონიშნულ ბგერად სიმაღლეს ეგებება როგორც მუსიკალური კილოს საყრდენი და მხატვრული საძირკველი. შესაბამისად ბანი მოითხოვს რამოდენიმე შემსრულებელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტად გამბული ხმა ე.წ. „ჯაჭვური“ სუნთქვის ტექნიკით- ბანები რიგრიგობით სუნთქავენ რათა ხმა არ გაწყდეს. შესაბამისად რაც მეტი ბანია, მით მეტადაა უზრუნველყოფილი ხმის უწყვეტობა და ძლიერება. ამ ტექნიკური ფუნქციის გარდა ბანები უზრუნვებელყოფენ პოლიფონიური სიმღერის მეტრო-რიტმულ ნახაზს და მთელი კომპოზიციის მონუმენტურ კოლორიტს.

კახურ სიმღერაში დამწყებ ხმას „მთქმელს“ უწოდებენ. მთქმელი „ამბობს“ სიმღერის მთავარ ინტონაციურ მელოდიას, რომელიც ძირითადი ტექსტური ფრაზისა და ორნამენტული იმპროვიზაციისაგან შედგება. მთქმელთან დიალოგში შედის „მოძახილი“, რომელიც „ჩამოართმევს“ მელოდიურ ტექსტს, განავითარებს მას საკუთარი გემოვნებით, ორიგინალური გამოთქმით. აქ გრძელდება იმპროვიზაცია და გარკვეული შეჯიბრის მომენტიც, რადგან კვლავ ერთვება მთქმელი, უფრო მეტი იმპროვიზაციულ-ორნამენტული მელოდიკით და ეს ხმათა საოცარი „შეჯიბრი“ ბოლოს ერთმანეთს ერწყმის, ერთ მუსიკალურ ნაგებობას აშენებს, რომელსაც ფინალში ერთად გადახურავს ორივე ხმა.

კახეთის მუსიკალური ფოლკლორი მოიცავს საქართველოში გავრცელებულ ყველა ჟანრს და დამატებით უაღრესად ორიგინალურ შრომის საწესო ერთხმიან სიმღერებს, თანხლების გარეშე. მრავალფეროვანი ბუნების და სუბეთნიკური ხასიათის გამო კახეთის ყველა კუთხეს ერთი და იგივე ჟანრის სიმღერის თავისი საშემსრულებლო ტრადიცია გააჩნია. ეს თავისებურება საგრძნობლად ცვლის სიმღერის მუსიკალურ ქსოვილს და მის კოლორიტს. ასე მაგალითად, არსებობს- თელავური და წინანდლის მრავალჟამიერები, მაყრულები და „ჩაკრულოს“ საშემსრულებლო ტრადიციები.

საცეკვაო-სათამაშო, საჭიდაო, სალაღობო-საშაირო სიმღერების რეპეტუარის სიმდიდრით კახეთი პირველია საქართველოს სასიმღერო ფოლკლორის რუკაზე. მაგრამ მის უმთავრეს საგანძურს და ხელთუქმნელ ტაძარს მრავალჟამიერის სადიდებელი ჟანრისა და ლაშქრულ-მაყრულის ტიპის სიმღერები წარმოადგენენ, როგორიცაა მსოფლიოში განთქმული და კოსმოსის სივრცეებში გაჭრილი „ჩაკრულო“.

კახეთში გავრცელებულია მუსიკალური საკრავები: ფანდური, დოლი, ენაკიანი და უენაკო სალამური. საკრავების თანხლებით ძირითადად საცეკვაო სიმღერები სრულდება. ფანდური აგრეთვე ჰარმონიულად მაღალმხატვრულად შეწყობილია „იავნანებთან“, „შაირებთან“ და სატრფიალო სიმღერებთან.