საქართველო

გერგეთის სამება (XIV ს.)
მესტიასაქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. გეოგრაფიული მდებარეობით ევროპა- აზიის გასაყარზეა და გადაჭიმულია დიდი კავკასიონის სამხრეთიდან მცირე კავკასიონამდე, დასავლეთიდან შავი ზღვა ეკვრის, ჩრდილო- დასავლეთიდან - რუსეთი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი ესაზღვრება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰავა კონტინენტურია, დასავლეთში - ზღვის და სუბტროპიკული. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქართლი და კახეთი, აღმოსავლეთ კავკასიონის მთებში - ხუთი ისტორიული კუთხე: ხევი, მთიულეთი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი; სამხრეთ ნაწილში - უძველესი კუთხეები: სამცხე და ჯავახეთი; ლიხის ქედის დასავლეთით იმერეთია, ჩრდილოეთით - რაჭა-ლეჩხუმი, დასავლეთით - სამეგრელო; ჩრდილო-დასავლეთით -ყველაზე მაღალმთიანი კუთხე სვანეთი; სამხრეთ- დასავლეთით - გურია და აჭარა; ჩრდილო -დასავლეთით აფხაზეთი.
თბილისიქვეყანაში უხვადაა განთქმული ბალნეოლოგიური კურორტები, წყაროები, თერმული თუ მინერალური წყლები. საქართველოს ყოველი კუთხე გამოირჩევა ბუნებით, ტრადიციებით, ცხოვრების წესით. საქართველო დიდი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, აღმოსავლეთს და დასავლეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრთა შორის მდებარეობს. აქ გადიოდა ე. წ. ,,აბრეშუმის გზა", ხოლო დედაქალაქი თბილისი საუკუნეთა განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა შეხვედრის ეპიცენტრი იყო. ქვეყანა სხვადასხვა სახელმწიფოსთან და ერებთან ამყარებდა კულტურულ თუ სავაჭრო ურთიერთობებს.
აბანოთუბანი
ქვევრიარქეოლოგიური ფაქტებით მტკიცდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი მუდმივად ცხოვრობდა და სხვა ქვეყნებთან კულტურული თუ ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა. 2001 წელს დმანისში ნაპოვნი იქნა ჰომონიდთა - უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები. თავის ქალები რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ქართული სახელებით - ზეზვა და მზიას სახელით ვიცნობთ. ასევე მათ ჰომო გეორგიკუსსაც უწოდებენ. დმანისელი ადამიანი 1,8-1,7 მლნ. წლით თარიღდება. ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველო პირველი ევროპელის სამშობლოა. ბრინჯაოს ხანაში აღზევდა ე.წ. „მტკვარ-არაქსის“ და თრიალეთის მაღალი დონის კულტურები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია საკმაო მასალა, რაც კულტურული მევენახეობის უძველეს ნაკვალებზე მიგვანიშნებს. მარნეულის ველზე აღმოჩენილია ვაზის წიპწა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც თარიღდება ძვ.წ. VI ათასწლეულით. ქიმიური ანალიზის შედეგად თიხის ჭურჭელზე ღვინის მასალის არსებობა დადასტურდა. მსგავსი მასალა აღმოჩნდა შულავერის გორაზე (V-IV ათასწლეული), ივრის ხეობაში (IV ათასწლეული) დიღმის ნამოსახლარში.
თამადაკახეთში აღმოჩენილია მარნების, საწნახლების, ღვინის შესანახი ჭურჭლებისა და სასმისების ნიმუშები. აგრეთვე აღმოჩენილია ღვინის მსმელი მამაკაცის მინიატურული ფიგურა „თამადა“ (სავარაუდოდ ღვინის ღვთაება), რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. XII საუკუნით თარიღდება. არქეოლუგიულმა აღმოჩენებმა დააადასტურა რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა და მეღვინეობა VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოა.

ძვ. წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე კოლხეთის და იბერიის სახელმწიფოები იქმნება. ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხეთი ძვ. წ. XII საუკუნიდან იხსენიება. მათ შესახებ ცნობები მოიპოვება ბერძენი და რომაელი ავტორების: ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, სტრაბონის, ვიტრუვიუსის ნაშრომებში. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე ჩამოყალიბდა უძლიერესი და მაღალი კულტურის მქონე სახელმწიფო - კოლხეთის სამეფო. არგონავტების მითში გადმოცემულია ფანტასტიკად გარდასახული და გარდაქმნილი ნამდვილი ამბავი. ძველი ბერძნები ოქროს საწმისს კოლხეთის მაღალი სულიერი და მატერიალური კულტურის გამომხატველ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მასში ნაგულისხმებია მეტალურგიის, ოქროს მოპოვების წესის, მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, წამალთმკეთებლობის, მედიცინის მაღალგანვითარებული ცოდნა.
უფისციხე (ძვ.წ. VI-I სს., შუა საუკუნეები)არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ ძვ. წ. VI-V სს კოლხეთი წარმოადგენდა ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ სახელმწიფოს. აღმოჩენილია მდიდრული სამარხები, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ოქროსა და ვერცხლის უძვირფასესი ნივთები, საბრძოლო იარაღი, ოქროს მონეტები. ვანში აღმოჩნდა რამდენიმე ტაძარი, აკროპოლისი და მრავალი სხვა ნაგებობა. იბერიის (ქართლის) სამეფოს დედაქალაქი მცხეთა ძვ. წ. II საუკუნიდან ჩვ.წ. V საუკუნემდე ქართლის სამეფოს დედაქალაქი იყო. გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლები: აკროპოლისი - არმაზ-ციხე, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი, აკლდამები, ნეკროპოლის კომპლექსი, დიდი მხატვრული ოსტატობით დამუშავებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამკაულები. საქართველო, როგორც სახელმწიფო, მეფე ფარნავაზის მიერ ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებით იწყებს თავის ისტორიას (ძვ. წ. 302- 375 წწ). სწორედ ამ მეფის მეოხებით შეიქმნა ქართველთა გაერთიანებული სახელმწიფო.
აფხაზეთი
ბოლნისის სიონი(V ს.)პირველ საუკუნეში ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტიანობა, შემდგომ - სვიმონ კანანელმა, მატათამ, ბართოლომემ და თადეოზმა. წმ. სვიმონ კანანელი და წმ. მატათა საქართველოში (აფხაზეთი, აჭარა) არიან დაკრძალული. 326 წელს წმ. ნინომ გააქრისტიანა საქართველო. ქართველების უდიდესი საუნჯე - წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის რტოებისგანაა გაკეთებული და შეკრული წმინდანის თმებით, დღეს თბილისში, სიონის ტაძარში, ინახება. IV საუკუნით თარიღდება ნეკრესის ბაზილიკა, ერთი ყველაზე ძველი ეკლესიასთაგანი საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.
მცხეთის ჯვარი (VI ს.)განსაკუთრებით მაღალ-მხატვრული ღირებულების მქონე ძეგლია ბოლნისის სიონი (V ს.). აქ პირველად ვხვდებით ორნამენტულ და ფიგურულ გამოსახულებებს. ბაზილიკის კედლებზე უძველესი ქართული წარწერებია შემონახული. V საუკუნეში დაარსდა ქართული მონასტრები სირიასა და პალესტინაში. VI საუკუნიდან საქართველოში სამონასტრო ცხოვრება იწყება, რაც 13 ასურელი მამის მოღვაწეობას უკავშირდება. მათ მიერ დაარსებული სავანეები - შიო მღვიმის, მარტყოფის, დავით გარეჯის, ულუმბოს, ბრეთის, იყალთოს, ხირსის, ნეკრესის, ზედაზენის, წილკნის და სამთავისის მონასტრები - განათლებისა და მწიგნობრობის ცენტრად იქცნენ. VI საუკუნით თარიღდება ძველი ქარ- თული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები: ნინოწმინდის ტაძარი, ურბნისის ბაზილიკა, ანჩისხატის -ბაზილიკა, მცხეთის ჯვარი და სხვ.
შიომღვიმის მონასტერი (VI ს.)
ოშკი (X ს.)სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში - სამცხე-ჯავახეთში, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში VIII-X სს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ამ პერიოდში დაარსებული მონასტრები: იშხანი, ბერთა. წყაროსთავი, ოპიზა, ხანძთა, ზარზმა, შატბერდი, ხახული თუ ოშკი, მძლავრ კულტურულ კერებს წარმოადგენდნენ. აქ იქმნებოდა აგიოგრაფიული ლიტერატურა, ითარგმნებოდა და გადაიწერებოდა წიგნები, საქართველოს მჭიდრო სულიერი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან, რასაც ხელს უწყობდა უცხოეთის ქართული მონასტრების (ულუმბოს ქართული მონასტერი ბითინიაში, ქართული მონასტერი სინას ნახევარკუნძულზე და ათონის მთაზე ) მოღვაწეობა.
იშხანი (VII-XI ს.)
ნიკორწმინდის ტაძრის მოხატულობა (XVII ს.)X-XI სს ქართული კულტურის მაღალი დონე ყველაზე მეტად არქიტექტურაშია გამოვლენილი. ბაგრატის ტაძარი, მცხეთის სვეტიცხოველი, ალავერდის კათედრალი, სამთავისი, კაცხი, ნიკორწმინდა დღესაც გაოცებას იწვევს თავისი გრანდიოზულობით, პროპორციებით, დახვეწილი დეკორით. მცხეთის სვეტიცხოველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტაძარია როგორც მხატვრული, ისე ისტორიული თვალსაზრისით. აქ დაფლულია ილია წინასწარმეტყველის ხალენი, აქ განისვენებს უდიდესი სიწმინდე - იესო ქრისტეს კვართი, რომელიც გადმოცემით მცხეთელმა ებრაელებმა ჩამოაბრძანეს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. სვეტიცხოველში დაკრძალულნი არიან საქართველოს მეფენი, პირველი მეფე წმინდანი ვახტანგ გორგასალი (V ს.), სასულიერო პირები, აქ იხარშება მირონი და ხდება პატრიარქთა კურთხევა. საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა.
თავისი არსებობის განმავლობაში ბევრჯერ დადგა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს განპირობებული იყო მტერთა შემოსევებითა და ხანგრძლივი ომებით. ჩვენს ქვეყანას მთელი მაჰმადიანური სამყარო დაუპირისპირდა, ქართველი ერის გაუტეხელი, მებრძოლი ხასიათის წყალობით დარბეული ქვეყანა კვლავ ფეხზე დგებოდა და განაგრძობდა განვითარებას.
სვეტიცხოველი (XI ს.)
ალავერდი (XI ს.)
გელათი (XII-XIII სს.)XII საუკუნეში ქვეყანამ მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალს. მთელი აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს დიდმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, მეფე დავით აღმაშენებელმა (1089- 1125 წწ), შეძლო თურქ-სელჩუქთა დამარცხება, ქვეყნის გაერთიანება და აღორძინება. ამ დროისათვის განსაკუთრებით აყვავდა კულტურა. აიგო შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლები, განვითარდა საერო თუ სასულიერო ლიტერატურა, დაარსდა გელათის აკადემია, სამონასტრო ცენტრები, სადაც მოღვაწეობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფოსები, თეოლოგები და სასულიერო მოღვაწენი.
ვარძია (XII-XIII სს.)საქართველოს სამეფოს ტერიტორია უფრო გაფართოვდა და მისი გავლენა გაიზარდა ქრისტიანულ აღმოსავლეთში მეფე ქალის თამარის (1184-1213 წწ) დროს. ეს პერიოდი საქართველოს ,,ოქროს ხანად" იწოდება. თამარ მეფე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ. ,,ოქროს ხანის" ეპოქას ასახავს მსოფლიო შედევრად აღიარებული პოემა - შოთა რუსთაველის ,,ვეფხის- ტყაოსანი". თამარ მეფის სახელს უკავშირდება მრავალი ციხესიმაგრის, ხიდის, ეკლესია- მონასტრის მშენებლობა. ,,ქვაში ნაკვეთ პოემას" უწოდებენ XII-XIII სს ქართული კულტურის შედევრს ვარძიას. ტიმოთეს უბნის, ბეთანიის, ქვათახევის, ფიტარეთის, წუღრუღაშენის, ყინწვისის ტაძრების შემქმნელნი ეყრდნობიან რა ქართული ხუროთმოძღვრების ადრეულ ტრადიციებს, უხვად მიმართავენ ახალ ხერხებს ფასადთა დამუშავებასა და ორნამენტის შერჩევაში. თამარის გონივრული პოლიტიკით, ჰუმანური მართვით და შემწყნარებლობით საქართველომ კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით თავის ძლიერების მწვერვალს მიაღწია.
XIII საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოს დიდი განსაცდელის დრო დაუდგა. ჯალალ ედ-დინის შემოსევებს მონღოლთა ბატონობა მოჰყვა. ქვეყანა დასუსტდა და სამთავროებად დაიშალა. 1226 წელს თბილისი ჯალალ ედ-დინმა აიღო. ქრისტიან მოსახლეობას მეტეხის ხიდზე დადებული ხატების გათელვა მოსთხოვა. 100 ათასმა ქართველმა უარი თქვა ხატის შეურაცხყოფაზე და მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. XIV საუკუნის პირველ ნახევარში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო ფეხზე დადგომა, მეფე გიორგი V ,,ბრწყინვალედ" (1314-1346წწ) წოდებულის მეოხებით. გონიერმა დიპლომატმა პოლიტიკოსმა და მთავარსარდალმა უმოკლეს ვადაში მოახერხა საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ამ პერიოდში საქართველოს დაუბრუნდა მეჩეთად გადაკეთებული იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ქრისტეს საფლავის ტაძრის გასაღები. მსოფლიო ქრისტიანთა შორის მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება ცხენზე ამხედრებული და გაშლილი დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა. XIV ს-ის ბოლოს საქართველო რამდენჯერმე დაარბია და ააოხრა თემურ ლენგმა. დაუსრულებელ და უთანასწორო ბრძოლებს საქართველოს მოსახლეობის 1/3 შეეწირა.
უბისის ტაძრის მოხატულობა (XIV ს.)
თბილისი (XIX-XX სს.)XV საუკუნიდან იწყება ქვეყნის დაშლა სამეფო- სამთავრობოებად. XVI-XVII სს საქართველო ორი დამპყრობლის - ირანისა და ოსმალეთისგან გამუდმებით იცავდა დამოუკიდებლობას და სარწმუნოებას. განსაკუთრებით მძიმე პერიოდი საქართველოსთვის XIX საუკუნიდან იწყება. 1801 წელს ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად გამოცხადდა. 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და საქართველო სსრკ-ს ნაწილად იქცა. მიუხედავად ავბედითი პერიოდისა, არ შეწყვეტილა კულტურული თუ საგანმანათლებლო მოღვაწეობა, განვითარებას განაგრძობდა ქართული ხელოვნების ყველა უმთავრესი ბირთვი: ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა, ჭედურობა, გამოყენებითი ხელოვნება. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა საქართველოში არ შემწყდარა XX საუკუნის ბოლომდე. დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
ყაზბეგიყოველი ეროვნული კულტურის არსებობა გამართლებულია მისი თვითმყოფადობით, იმით, რაც მხოლოდ მას შეაქვს კაცობრიობის ისტორიის განვითარების პროცესში. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გამოყენებითი ხელოვნება, პოლიფონიური სიმღერა, საგალობელი, ფოლკლორი, აგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. ეს ის ჩამონათვალია, რითაც საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. წინაქრისტიანული ეპოქიდან იღებს სათავეს ქართული მრავალფეროვანი მუსიკალური ფოლკლორი, რომლის სრულყოფილი გამოხატულებაა პოლიფონიური სიმღერები.
აფხაზეთიწარმართული დროიდან იქმნებოდა ქართული ცეკვები: ფერხული, ხორუმი, კეჭნაობა, დავლური, როკვა, ხუნტრუცი, ბუქნა, ფერხისი და სხვა. ეს ცეკვები საუკუნეთა განმავლობაში ტრანსფორმაციას განიცდიდა. ხალხის მიერ შემონახულ ამ უძველეს სიმღერებსა და ცეკვებს დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მსოფლიო. დღეისათვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილია: მცხეთის ჯვარი (VI ს.), სვეტიცხოველი (XI ს.), ქუთაისის ბაგრატის ტაძარი (XI ს), გელათის მონასტერი (XII ს.), ზემო სვანეთი (ჩაჟაში). მიუხედავად მძიმე ისტორიული წარსულისა, ქართველმა ერმა შექმნა ისეთი ღირებულებანი, რომლითაც გაამდიდრა მსოფლიო ცივილიზაციის საგანძური და მაღალი სულიერი თუ მატერიალური კულტურით მოვიდა XXI საუკუნემდე.
საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები ერთმანეთისგან გამოირჩევა ბუნებრივი პირობებით, ისტორიით,ტრადიციებით,ყოფით,წეს-ჩვეულებებით,ხალხური სამოსით,დიალექტით და სამზარეულოთი.მიუხედავად განსხვავებებისა,ყველა კუთხე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.
ქართლი
გორის ციხე (XIII ს.)საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი რეგიონი ქართლი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის ფორმირების უმნიშვნელოვანეს ცენტრს. მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ცენტრალური კავკასია, სადაც იკვეთებოდა ძირითადი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზები, განაპირობებდა რეგიონის მუდმივ ჩართულობას გლობალურ კულტურულ პროცესებში.
ანტიკურ ხანაში ქართლი, რომელსაც დასავლური წყაროები იბერიის სახელით იცნობდნენ, ძლიერი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. ამ პერიოდის ქართლის ეთნო-კულტურა ხასიათდებოდა მკაცრი სოციალური იერარქიითა და სინკრეტული რელიგიური სისტემით. ანტიკური მცხეთა და მისი შემოგარენი (მაგ. არმაზციხე-ბაგინეთი) აშკარად აჩვენებს ელინისტური და აქემენიდური კულტურების გავლენას, რაც ერწყმოდა ადგილობრივ კოლხურ და აღმოსავლეთქართულ ტრადიციებს. საზოგადოება დაყოფილი იყო მკაცრ იერარქიებად, სადაც წამყვან როლს მეფე, ქურუმები და მეომრები ასრულებდნენ. მიწათმოქმედებისა და მევენახეობის მაღალმა დონემ განსაზღვრა ქართლელი ადამიანის მჭიდრო კავშირი მიწასთან, რაც მოგვიანებით მათ ფოლკლორსა და ყოფით კულტურაშიც აისახა.
მცხეთა
სამთავრისის ტაძარი (V ს.)IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ქართლში რადიკალური გარდატეხა მოახდინა. ქრისტიანობამ მყარად ჩამოაყალიბა ქართლის ეთნო-ფსიქოლოგიური პორტრეტი - მშვიდობისმოყვარე, თუმცა საკუთარი სარწმუნოებისა და მიწის დასაცავად თავდადებული საზოგადოება. ამ პერიოდიდან ქართლი ხდება მწიგნობრობისა და განათლების კერა, სადაც ქართული ენა და მწერლობა ეროვნული თვითშეგნების მთავარ ბურჯად იქცა. ქართლის ეთნო-კულტურული ხასიათი ყველაზე თვალსაჩინოდ მის საკულტო არქიტექტურაში აისახა. ანტიკურ ხანაში წამყვანი იყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსები (მაგ. უფლისციხე) და წარმართული ტაძრები. ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურა გამოირჩევა მონუმენტურობით, სიმკაცრითა და ლანდშაფტთან იდეალური შერწყმით. ადრეული პერიოდის ბაზილიკები (მაგ. ბოლნისის სიონი) და გვიანი პერიოდის ჯვარ- გუმბათოვანი ტაძრები (წრომი, მცხეთის ჯვარი, სამთავისი) გვიჩვენებს ადგილობრივი ოსტატების უბადლო ნიჭს. ქართლის ტაძრების ფასადებზე გაჩენილი უნიკალური ჩუქურთმები, ვაზისა და ბროწეულის მოტივები პირდაპირ კავშირშია რეგიონის ეთნოგრაფიულ ყოფასთან. საკულტო ნაგებობები არ იყო მხოლოდ რელიგიური ცენტრები; ისინი ასრულებდნენ თავდაცვით ფუნქციას და წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებს, სადაც წყდებოდა ქვეყნის ბედ-იღბალი.
ქართლის რეგიონის მატერიალური კულტურა, კერძოდ კი მისი დიდებული საეკლესიო არქიტექტურა, დღესაც ნათლად მოწმობს ქართლის უმნიშვნელოვანეს როლს ერთიანი ქართული ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (XII-XIII სს.)კახეთი
კახეთის ეთნოკულტურული თავისებურებები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღეს საქართველოს ამ ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის უნიკალურ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. კახური იდენტობის საფუძველი მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან, კერძოდ მევენახეობა- მეღვინეობასთან, რომელმაც განსაზღვრა არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მსოფლმხედველობა, ყოველდღიური ყოფა და ტრადიციები.
სიღნაღიკახელი კაცისთვის ვენახი წმინდა ადგილია, ხოლო ქვევრი და ღვინის დაყენების 8000წლიანი უწყვეტი ტრადიცია კულტურული კოდია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია. კახეთის ეთნოკულტურული სახე ქართული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და თვითმყოფადი გამოხატულებაა. ეს არის მხარე, სადაც გეოგრაფიულმა გარემომ, მდიდარმა ბუნებამ და მუდმივმა თავდაცვითმა ბრძოლებმა ჩამოაყალიბა ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ხასიათი, ადათ-წესები და ყოფითი კულტურა. ამ კულტურის უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტი კახური სუფრაა, რომელიც ურთიერთობის, სტუმარმასპინძლობისა და ფილოსოფიური აზროვნების ერთგვარი აკადემიაა. კახური სტუმართმოყვარეობა გამოირჩევა გულწრფელობით, უბრალოებითა და სიდინჯით. სუფრას მართავს თამადა, რომლის სიტყვაც დალოცვისა და ეთიკური ნორმების გამოხატულებაა. სწორედ სუფრასთან ვლინდება კახური მუსიკალური ფოლკლორის შედევრი - მრავალხმიანობა.
კვეტერა (VII-XI სს.)
უჯარმის ციხე (III-IV სს.)შუა საუკუნეების საქართველოში ,კერძოდ კახეთში, ეკლესია-მონასტრები არა მხოლოდ რელიგიური რიტუალების, არამედ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო, ლიტერატურული და საგანმანათლებლო კერები იყო. შესაბამისად, კახეთის უდიდეს სამონასტრო კომპლექსებში სპეციალურად შენდებოდა აკადემიები, უმაღლესი სკოლები, სკრიპტორიუმები და წიგნთსაცავები, რომელთა არქიტექტურაც უნიკალურ საერო-საზოგადოებრივ ხასიათს ატარებდა. XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და არსენ იყალთოელის წინამძღოლობით. აქ დაარსდა იყალთოს აკადემია, სადაც „ტრივიუმ-კვადრივიუმის“ სისტემით ასწავლიდნენ ფილოსოფიას, თეოლოგიას, ასტრონომიას, რიტორიკასა და გეომეტრიას. გვიან შუა საუკუნეებში (XVI ს.), მას შემდეგ, რაც კახეთის სამეფოს დედაქალაქი გრემი გახდა, აქ ჩამოყალიბდა ახალი მძლავრი საგანმანათლებლო კერა. გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსის სიახლოვეს მდებარეობდა საზოგადოებრივ- საგანმანათლებლო დანიშნულების ნაგებობები. გრემის საქალაქო და სამონასტრო არქიტექტურაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა სამკითხველოებსა და სკრიპტორიუმებს. ეს შენობები გამოირჩეოდა გვიანი შუა საუკუნეების კახური „აგურის სტილით“, სადაც თაღოვანი ნიშები, დახვეწილი სავენტილაციო სისტემები და წიგნების შესანახი სპეციალური კედლის უჯრედები სამუშაო გარემოს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მეცნიერებსა და კალიგრაფებს.
საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებდა ასევე ბიბლიოთეკები და წიგნთსაცავები ისეთ დიდ მონასტრებში, როგორიცაა ალავერდი და დავითგარეჯი. ვინაიდან ხელნაწერები უძვირფასეს განძს წარმოადგენდა, მათი საცავები შენდებოდა განსაკუთრებული არქიტექტურული უსაფრთხოებით - სქელი კედლებით, მყარი თაღოვანი გადახურვითა და ნესტისგან დამცავი კონსტრუქციებით. სწორედ ამ საგანმანათლებლო სივრცეებში ითარგმნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფიური ნაშრომები, იქმნებოდა უნიკალური ქართული ჰიმნოგრაფია და ხდებოდა ისტორიული მატიანეების აღნუსხვა. კახეთი გამორჩეულია საკულტო არქიტექტიურული ძეგლებით-ალავერდი, გრემი, ნეკრესი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი , გურჯაანის ყველა წმინდა (ორგუმბათიანი ეკლესია). კახეთის ციხე-ქალაქები - გრემი, თელავი, სიღნაღი ასახავს რეგიონის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. საუკუნეების მანძილზე კახეთის სამთავრო და გვიანდელი კახეთის სამეფო თავდაუზოგავად იბრძოდა სპარსეთისა და დაღესტნელი ტომების მუდმივი შემოსევების წინააღმდეგ. მიუხედავად მძიმე ისტორიული წარსულისა, კახეთმა ბოლომდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და დღეს საქართველოს ერთ-ერთ მიმზიდველ კუთხედ რჩება.
იყალთოს აკადემია (XI-XII სს.)იმერეთი
იმერეთიიმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომლის კულტურული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში, მდიდარი ისტორიული გამოცდილებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთქმედებით ყალიბდებოდა. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ იმერელთა ხასიათს ასე აღწერს: „ხოლო კაცნი და ქალნი იმერნი არიან ენა-ტკბილნი, სიტყვა-მორჭმულნი, მახვილგონიერნი, უხვნი, სასიამოვნონი... საუბარ-შესაქცევნი, სალაშქროდ გამრჯენი, მსწრაფლნი, ტანად კეთილნი“.
პრომეთეს მღვიმეგანსაკუთრებული გავლენა ამ რეგიონზე იქონია ანტიკურმა კოლხეთმა .დღევანდელი იმერეთის ტერიტორია, კერძოდ კი ვანი და ქუთაისი, კოლხეთის სამეფოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა (განსაკუთრებით ვანის ნაქალაქარზე) აჩვენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ფლობდა ლითონის დამუშავებისა და ოქრომჭედლობის უნიკალურ ტექნოლოგიებს, რაც შემდგომში იმერული ხალხური რეწვის საფუძველი გახდა. კოლხური კულტურის უწყვეტობა ნათლად აისახა რეგიონის სამეურნეო ყოფაშიც: მევენახეობა-მეღვინეობის, მარნისა და ქვევრის კულტები, აგრეთვე სიმინდამდელი მარცვლოვანი კულტურების (მაგ. ღომის) მოყვანის ტრადიცია, სწორედ ანტიკური კოლხეთიდან იღებს სათავეს და საუკუნეების მანძილზე იმერული ყოფის საფუძვლად რჩებოდა. იმერეთის რეგიონი შუა საუკუნეების საქართველოს საგანმანათლებლო და რელიგიური ცხოვრების ეპიცენტრი იყო, რაც მკაფიოდ აისახა მის მონუმენტურ საკულტო არქიტექტურაში. ამ მხრივ უპირველესია გელათის სამონასტრო კომპლექსი და აკადემია, რომელიც XII საუკუნეში ერთიანი საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათი არ იყო მხოლოდ რელიგიური სივრცე. მას უწოდებდნენ „ახალ ათენსა“ და „მეორე იერუსალიმს“, სადაც იმდროინდელი მეცნიერული და ფილოსოფიური აზრი ყვაოდა.
გელათის მონასტერი (XII ს.)
ბაგრატის ტაძარი (XI ს.)იმერეთის ეთნოკულტურული თავისებურებები ქმნის ერთიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც ანტიკური კოლხეთის ისტორიული ფესვები, გელათისა და ბაგრატის მონუმენტური საკულტო არქიტექტურა, ხალხური ყოფა, ვირტუოზული სასიმღერო ხელოვნება და იმერელის ეთნოფსიქოლოგიური ხასიათი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ყოველივე ეს კი გვირგვინდება იმერული მასპინძლობის ფენომენით, რომელიც თავისუფალია ზედმეტი პომპეზურობისგან და დაფუძნებულია უშუალობაზე, გულწრფელობასა და სტუმრისადმი უდიდეს პატივისცემაზე. იმერეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა დღესაც განსაზღვრავს რეგიონის თვითმყოფადობას და საქართველოს კულტურულ მოზაიკაში ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და მნიშვნელოვან ფერს ამკვიდრებს.
გურია
გურია
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიგურია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან მესხეთის ქედის ფერდობამდე. საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ამ რეგიონის კულტურა. ადგილობრივი ტრადიციები ინარჩუნებს როგორც უძველეს კოლხურ ელემენტებს, ისე ახალ სოციალურ- კულტურულ შრეებს.ანტიკურ ხანაში გურიის მიწა- წყალი დიდი კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ბერძნული და ლათინური წყაროები (მაგ. სტრაბონი) მიუთითებენ კოლხეთის სანაპირო ზოლის მაღალ ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებაზე. მდინარეები (სუფსა, ნატანები) და ზღვისპირა პუნქტები ხელს უწყობდა ანტიკურ სამყაროსთან ინტენსიურ ვაჭრობას. ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე ადრეულ პერიოდშივე განვითარდა რკინისა და ფერადი ლითონების დამუშავება. ანტიკური მითოლოგია (არგონავტების ლაშქრობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად) ზუსტად ამ რეგიონს უკავშირდება. გურული მოსახლეობის წინაპრები მონაწილეობდნენ ზოგადკოლხური კულტურული სივრცის შექმნაში. გურულები გამოირჩევიან სწრაფი,ენერგიული ხასიათითა და იუმორით.გურია ცნობილია რთული მრავალხმიანი ხალხური სიმღერებით, სადაც ნათლად იკვეთება დამახსიათებელი გურული ხასიათი.
ჯიხეთის დედათა მონასტერი (XIX ს.)სოფელ შუხუთში ყოველ აღდგომა დღეს იმართება უძველესი ხალხური გუნდური თამაში “ლელო ბურთი” რომელიც საოცრად გავს დღეისათვის პოპულარულ სპორტის სახეობას რაგბს.სუფრის ტრადიციებით გურული გამოირჩევა სიტყვაკაზმულობითა და განსაკუთრებული იუმორით,სადაც თამადის ინსტიტუტს და “მოლაპარაკეებს “ მთავარი ადგილი უჭირავს. რეგიონში გვხვდება საინტერესო საერო თუ საკულტო დანიშნულების არქიტექტურა.მათ შორის ოდა სახლი, 19 -ე საუკუნის ხის მეჩეთები, რომლებიც ადგილობრივი ოსტატების მიერაა მოჩუქურთმებული და ქართული ხალხური ხის არქიტეტქურისა და ისლამური დეკორის სინთეზს წარმოადგენს. საკულტო არქიტეტქუტრაში გამოირჩევა შუა საუკუნის მონასტრები: შემოქმედი,ჯუმათი და უდაბნაოს მონასტერი. გურიის ეთნოკულტურული სივრცე წარმოადგენს ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს.
ოქონის მონასტერი (IX ს.)აჭარა
აჭარააჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და კულტურულად მდიდარი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე, საუკუნეების განმავლობაში, განაპირობებდა სხვადასხვა ცივილიზაციების ურთიერთშეხვედრასა და სინთეზს. აჭარული კულტურის ფენომენი უნიკალურია იმით, რომ მან ხანგრძლივი უცხოური პოლიტიკური თუ რელიგიური ზეგავლენის მიუხედავად, შეძლო ქართული ეთნიკური იდენტობის, ენობრივი არქაიზმებისა და ძირძველი ტრადიციების შენარჩუნება. აჭარის ეთნო-კულტურული ფესვები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იძიება მაშინ, როდესაც რეგიონი ლეგენდარული კოლხეთის სამეფოს განუყოფელი ნაწილს წარმოადგენდა. ანტიკურ წყაროებსა და არქეოლოგიურ მასალებში (მაგ. ფიჭვნარის ნამოსახლარი) მკაფიოდ ჩანს, რომ რეგიონი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერძნულ სამყაროსთან.ელინისტური კულტურის ძლიერი გავლენის მიუხედავად, ადგილობრივმა მოსახლეობამ შეინარჩუნა კოლხური ყოფისა და მატერიალური კულტურის წამყვანი როლი. ანტიკურ პერიოდში ჩამოყალიბდა წამყვანი დარგები :მევენახეობა,მეღვინეობა, ლითონის დამუშავება და ზღვაოსნობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს აჭარელთა ტრადიციულ ყოფას და საუკუნეების შემდეგ, ოსმალური მმართველობის პერიოდშიც ტრადიციული ფორმებით განაგრძეს არსებობა.
ბათუმის პორტი
ბათუმიაჭარის საკულტო არქიტექტურა რეგიონის რთული ისტორიული ბედისწერის საუკეთესო ვიზუალური დასტურია. აქ ერთმანეთის გვერდით ვხვდებით ადრექრისტიანულ მემკვიდრეობასა და გვიანდელ მუსლიმურ ხუროთმოძღვრებას: ჯამეები და მეჩეთები გარედან ხშირად იმეორებენ ტრადიციული აჭარული საცხოვრებელი სახლის (ოდა- სახლის) ფორმებს, ხოლო მათი ინტერიერი გაფორმებულია ქართული ხალხური ორნამენტებით, ვაზის მოტივებით, ბორჯღალებითა და ფერადი ყვავილოვანი ჩუქურთმებით, რაც ქართული ხეზე კვეთის ტრადიციის გაგრძელებაა მუსლიმურ საკულტო სივრცეში. აჭარის ეთნო-კულტურული თავისებურება მდგომარეობს მის საოცარ უნარში, მოახდინოს გარე კულტურული ნაკადების ადაპტაცია საკუთარ, ეროვნულ ბაზისზე. ანტიკური კოლხური ფესვებიდან დაწყებული, ქრისტიანული და ისლამური ეპოქების ჩათვლით, მხარემ შეინარჩუნა მდიდარი ფოლკლორი, უნიკალური დიალექტი და მატერიალური კულტურა.
ხიჭაურის ეკლესია (XXI ს.)რაჭა
ნიკორწმინდა (XI ს.)რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ისტორიულად მდიდარი მაღალმთიანი რეგიონია. დასავლეთ საქართველოს ამ ნაწილს, რომელსაც ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთიდან იმერეთი ესაზღვრება, განსაკუთრებული გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა უჭირავს. საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილმა ეკოსისტემამ, მთისა და ბარის სიახლოვემ და რთულმა რელიეფმა ხელი შეუწყო უნიკალური ეთნო-კულტურული მახასიათებლების ჩამოყალიბებას.
შაორის ტბარაჭა-ლეჩხუმის ეთნო-კულტურული ფესვები ღრმა ანტიკურ ხანაში მიდის. არქეოლოგიური გათხრები (მაგ. ბრილის სამაროვანი რაჭაში და ორბელის განძი ლეჩხუმში) ადასტურებს, რომ ეს რეგიონი მჭიდროდ იყო დაკავშირებული განთქმულ კოლხურ კულტურასთან. ანტიკურ ხანაში ეს მხარე კოლხეთის სამეფოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. მდიდარი სასარგებლო წიაღისეულის (სპილენძი, დარიშხანი, ოქრო) წყალობით, აქ უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული ლითონმცოდნეობა და ოქრომჭედლობა. არგონავტების მითი „ოქროს საწმისზე“ პირდაპირ უკავშირდება დასავლეთ საქართველოს მთიანეთში ოქროს მოპოვების ძველ ქართულ წესს - მდინარეებიდან ოქროს ქვიშის მატყლით გამოცრას.
ანტიკური ხანის წარმართული კულტები (მაგ. მთვარისა და მზის თაყვანისცემა) მოგვიანებით ორგანულად შეერწყა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ამის მაგალითია წმინდა გიორგის კულტის განსაკუთრებულობა. რეგიონის გეოგრაფიამ განსაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა: მევენახეობა, მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და ხეზე კვეთა. რაჭველები და ლეჩხუმელები გამოირჩევიან გაწონასწორებული, მშვიდი, სტუმართმოყვარე და შრომისმოყვარე ბუნებით. რაჭველები მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილნი იყვნენ როგორც საუკეთესო ხუროები, კალატოზები და მცხობლები.
მიუხედავად იმისა, რომ ბარში ფეოდალური სისტემა მყარად იყო ფესვგადგმული, მთიან ნაწილში (ზემო რაჭა) დიდხანს ნარჩუნდებოდა თავისუფალი თემური მართვის ელემენტები, სადაც გადაწყვეტილებებს უხუცესთა საბჭო იღებდა. რაჭა-ლეჩხუმმა შემოგვინახა გამორჩეული საეკლესიო არქიტექტურა;ნიკორწმინდა,მრავალძა ლი,ხოტევი და ლაილაში. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ლითონმცოდნეობის, მევენახეობისა და ხუროთმოძღვრების დარგში დაგროვილი ცოდნა ადგილობრივმა მოსახლეობამ საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა და განავითარა..რაჭა- ლეჩხუმს ეთნო-კულტურული თავისებურებებით განასკაუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს კუთხეებს შორის.
რაჭა
შაორის ტბასამეგრელო
ალერტის წმინდა გიორგის მონასტერი (XVIII ს.)
მარტვილის მონასტერი (VII ს.)სამეგრელოს კულტურული სახე განპირობებულია როგორც გეოგრაფიული მდებარეობით (შავი ზღვის სანაპირო, კოლხეთის დაბლობი), ისე მდიდარი ისტორიული წარსულით. წინარექრისტიანული ხანიდან მოყოლებული, ეს ტერიტორია იყო ადგილობრივი ეთნოსის თვითმყოფადობისა და მაღალი კულტურის კერა. სამეგრელოს ეთნო-კულტურული ფესვები ანტიკურ კოლხეთის სამეფოში იღებს სათავეს. ანტიკურ ხანაში კოლხეთი ცნობილი იყო მეტალურგიით, მიწათმოქმედებითა და მეფუტკრეობით. არქეოლოგიური გათხრები (ვანი, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტები) ადასტურებს მაღალი მატერიალური კულტურის არსებობას . ბერძნულ სამყაროსთან ინტენსიურმა ვაჭრობამ (არგონავტების მითი) აჩვენა კოლხების საზღვაო და სავაჭრო უნარები და გავლენები. შუა საუკუნეებსა და მომდევნო პერიოდში კულტურული ცხოვრება სოფლის თემსა და სათავადოებზე გადანაწილდა.
შუა საუკუნეებში სამეგრელო (ეგრისი-ლაზიკა) აფხაზთა სამეფოს ნაწილი იყო, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროდ - მკაცრად ფეოდალური წყობით - სათავეში დადიანების დინასტიით. საეკლესიო და საგანმანათლებლო კერები (ხობი, ცაიში) მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რეგიონის სულიერ ცხოვრებაში. მეგრული ენა, ყოფა, არქიტექტურა და ხასიათი ქართული ეროვნული კულტურის განუყოფელი და მდიდარი ნაწილია, რომელმაც საუკუნეთა გამოცდას გაუძლო.
მარტვილის კანიონისვანეთი
მესტია
უშგულის ლამარია (IX-X სს.)სვანეთი საქართველოს ეს უძველესი და უნიკალური კუთხე საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ეთნო-კულტურულ ავტონომიურობას. მისი გეოგრაფიული იზოლაცია, მკაცრი კლიმატი და მებრძოლი სული დაედო საფუძვლად იმ თვითმყოფად კულტურას, რომელმაც თითქმის უცვლელად მოაღწია დღემდე. საქართველოს მთიანეთის კულტურულ მემკვიდრეობაში სვანეთს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია. სვანური ეთნოსის შესახებ პირველი მნიშვნელოვანი წერილობითი ცნობები ანტიკურ ხანას უკავშირდება. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს.) თავის „გეოგრაფიაში“ სვანებს (სოანებს) ახასიათებს როგორც მძლავრ, მებრძოლ და მრავალრიცხოვან ხალხს, რომლებიც დომინირებდნენ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. ასევე ანტიკურ ავტორებთან დაცულია ცნობა სვანების მიერ მდინარეებიდან ოქროს მოპოვების შესახებ ცხვრის ტყავის გამოყენებით.
ეს ტექნოლოგია პირდაპირ კავშირშია არგონავტებისა და ოქროს საწმისის ლეგენდასთან, რაც სვანეთს ანტიკური სამყაროს ეკონომიკურ და მითოლოგიურ ორბიტაზე ათავსებს და თუ ანტიკურ ხანაში სვანები აქტიურ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო ურთიერთობაში იყვნენ ბარსა და მეზობელ იმპერიებთან ( ბიზანტია, სასანიდური ირანი და სხვ.), გვიან შუა საუკუნეებში ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ რეგიონი უფრო მეტად ჩაიკეტა საკუთარ საზღვრებში. ანტიკური ხანის „ძლიერი სატომო კავშირი“ შუა საუკუნეებში გარდაიქმნა ლოკალურ, თემურ მმართველობად („თავისუფალი სვანეთი“).
უღვირის ტბა„თავისუფალ სვანეთში“ არ არსებობდა ფეოდალური ბატონყმობა. მართვა ხორციელდებოდა უხუცესთა საბჭოსა („მახვში“) და უნიკალური ინსტიტუტის -მედიატორთა სასამართლოს მეშვეობით, რომელიც ქონებრივი ან სისხლისმიერი კომპენსაციით ახერხებდა დაპირისპირებული მხარეების შერიგებას და საზოგადოებრივი ბალანსის აღდგენას. სვანური არქიტექტურა რეგიონის მკაცრი ყოფის პირდაპირი ანარეკლია. IX-XIII საუკუნეებში აგებული სვანური საკულტო და თავდაცვის ნაგებობები კოშკები, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კოშკი ერთდროულად ასრულებდა საცხოვრებელ, სათავდაცვო და სასიგნალო ფუნქციას. იგი იცავდა ოჯახს როგორც გარეშე მტრისგან, ისე შიდა, თემური კონფლიქტებისა (სისხლის აღება) და ბუნებრივი კატასტროფებისგან (ზვავი).
უშბასვანური რელიგიურობა ხასიათდება ქრისტიანობისა და წარმართული რელიგიის საინტერესოშერწყმით. სვანეთის ეთნო-კულტურული ფენომენი ნათელი მაგალითია კაცობროიობის ისტორიაში, თუ როგორ შეუძლია გეოგრაფიულად იზოლირებულ რეგიონს შეინარჩუნოს ცივილიზაციის უძველესი არქეტიპები. ანტიკურ ხანაში ძლიერ პოლიტიკურ ძალად მოაზრებული სვანეთი, შუა საუკუნეებში გარდაიქმნა უნიკალური ადათობრივი სამართლის, არქიტექტურისა და სულიერების მქონე მხარედ. იგი წარმოადგენს საქართველოს საერთო კულტურული საგანძურის საცავს, სადაც საუკუნეების მანძილზე სათუთად ინახებოდა ქვეყნის მატერიალური თუ სულიერი სიმდიდრე.
უშგულიაფხაზეთი
ახალი ათონიაფხაზეთი საქართველოს უძველესი და უმდიდრესი კულტურულ-ისტორიული მხარეა, რომლის მატიანეც ათასწლეულებს ითვლის. შავი ზღვისპირეთისა და კავკასიონის ქედს შორის მოქცეული ეს რეგიონი ოდითგანვე წარმოადგენდა ცივილიზაციათა გზაჯვარედინს, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კოლხური, ანტიკური ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და ქართული ქრისტიანული კულტურა. აფხაზეთის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანიდან იყო დასახლებული (იაშთხვის სადგომი). ბრინჯაოს ხანაში აქ ყალიბდება ბრწყინვალე კოლხური კულტურა, ხოლო ძვ. წ. VI საუკუნიდან ბერძნული კოლონიზაციის შედეგად იქმნება მსხვილი სავაჭრო ცენტრები: დიოსკურია (თანამედროვე სოხუმი), გიენოსი (ოჩამჩირე) და პითიუნტი (ბიჭვინთა). ეს ქალაქები ანტიკურ სამყაროსთან აქტიური ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის კერებს წარმოადგენდა.

რიწის ტბაქრისტიანობას აფხაზეთში ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. გადმოცემის მიხედვით აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა (რომლის საფლავიც ახალ ათონშა)IV საუკუნიდან ბიჭვინთა უკვე საეპისკოპოსო ცენტრია. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები მეტყველებს მხარის მაღალ სულიერ და მხატვრულ კულტურაზე.: ბიჭვინთის ტაძარი (X ს.)- დასავლეთ საქართველოს მონუმენტური არქიტექტურის საგანძური. ლიხნის ტაძარი (X ს.)- ცნობილია თავისი დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ასომთავრული წარწერებით. ანაკოფიის ციხე (VII-VIII სს.)სამხედრო- სტრატეგიული სიძლიერის სიმბოლო. ბედიის მონასტერი (X ს.)-ბაგრატ III-ის მიერ აგებული ტაძარი, სადაც ინახებოდა ოქროსმჭედლობის შედევრი ბედიის ბარძიმი. ილორის წმინდა გიორგის ეკლესია-შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სასწაულმოქმედი და პატივსაცემი საკულტო ცენტრი. VIII საუკუნის ბოლოს ლეონ II-ის მეთაურობით ჩამოყალიბდა "აფხაზთა სამეფო" (დედაქალაქით ქუთაისში), რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული მიწების გაერთიანებაში. X საუკუნის ბოლოს,
ბაგრატ III-ის გამეფებით, აფხაზეთი გახდა ერთიანი საქართველოს სამეფოს განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილი. ქართული და აფხაზური ტრადიციების, ენების, ფოლკლორის და სტუმართმოყვარეობის საფუძველზე აფხაზეთი შავი ზღვისპირეთის მარგალიტად იქცა.
ბედია (X-XIV სს.)სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური და სტრატეგიული ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთის საზღვარი, რომელიც მრავალი ცივილიზაციის შესაყარს წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა აქ მიმდინარე ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ პროცესებს. რეგიონის ეთნო-კულტურული მოზაიკა უნიკალურია, რადგან მასში მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მკვიდრი ქართული (მესხური) ტრადიციები, ანტიკური პერიოდის მემკვიდრეობა და გვიანდელი მიგრაციული ნაკადებით გამოწვეული მრავალფეროვნება. სამცხე-ჯავახეთის ეთნოგენეზისის საფუძვლები ანტიკურ ეპოქაში, კერძოდ ძვ.წ. I ათასწლეულში უნდა ვეძებოთ. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ეს ტერიტორია მესხური (მოსხური) ტომების განსახლების არეალი იყო. ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ავტორები (ჰეროდოტე, სტრაბონი) ხშირად მოიხსენიებენ მოსხებს, როგორც ძლიერ და მეომარ ერთობას.
ვანის ქვაბებიანტიკურ პერიოდში სამცხე-ჯავახეთი წარმოადგენდა იბერიის სამეფოს მნიშვნელოვან ნაწილს. რელიეფის გამო, ანტიკური ხანიდანვე განვითარდა მთის კალთების ათვისების ხელოვნება, „ოროკები“ (ტერასები). რეგიონი მდიდარი იყო ლითონით, რაც ხელს უწყობდა იარაღისა და სამკაულების წარმოებას.ქრისტიანობამდელ ეპოქაში აქ გავრცელებული იყო ადგილობრივი ასტრალური კულტები, რომლებიც მოგვიანებით ანტიკურ (ელინისტურ) ღვთაებათა კულტებს შეერწყა. ანტიკური პერიოდის სამცხე-ჯავახეთი იყო ეთნიკურად ერთგვაროვანი, სადაც ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურული ცნობიერება.
შუა საუკუნეებში (ტაო-კლარჯეთის სამეფოსა და საქართველოს ერთიანი მონარქიის ხანაში) რეგიონი გახდა ქართული ქრისტიანული კულტურის, მწიგნობრობისა და არქიტექტურის ცენტრი. სამცხე-ჯავახეთის კულტურულ სახეს ამ პერიოდში განსაზღვრავდა სამონასტრო ცხოვრება (საფარა, ზარზმა, ვარძია) და ფეოდალური სათავადოების (სამცხის საათაბაგო) ძლიერება. ამ ეპოქის მთავარი თავისებურება იყო მაღალი არქიტექტურული და სამშენებლო კულტურა. კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია არა მხოლოდ სამხედრო- სტრატეგიული ობიექტი, არამედ მესხური საინჟინრო აზროვნების მწვერვალი იყო. მოსახლეობის ყოფაში წამყვანი ადგილი ეკავა მევენახეობა- მეღვინეობას (მიუხედავად მკაცრი კლიმატისა) და მეცხოველეობას.
რაბათის ციხე (IX ს.)სამცხე-ჯავახეთის ეთნო-კულტურული ევოლუციის ყველაზე მძიმე და გარდამტეხი ეტაპი XVI საუკუნეში, რეგიონის ოსმალეთის იმპერიის მიერ ანექსიას (ახალციხის საფაშოს ჩამოყალიბებას) უკავშირდება. ამ პერიოდმა რეგიონის ეთნიკური და რელიგიური სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა:ადგილობრივი მესხური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სოციალურ-ეკონომიკური გადარჩენის მიზნით, მიიღო ისლამი (მაჰმადიანი მესხები), თუმცა ნაწილობრივ შეინარჩუნა ქართული ენა და ყოფითი ტრადიციები. მოსახლეობის ნაწილმა კი თავი კათოლიკური ეკლესიის მფარველობით გადაირჩინა, რამაც დასაბამი მისცა „ფრანგი მესხების“ (ქართველი კათოლიკეების) სუბეთნიკურ ჯგუფს. ქრისტიანი ქართველების დიდი ნაწილი შიდა ქართლსა და იმერეთში გადასახლდა, რამაც მხარე მნიშვნელოვნად დააცარიელა.
მოხდა კულტურული წყვეტა, ხოლო მესხური იდენტობა რელიგიურ ნიადაგზე დაიყო.მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში -რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავით, სამცხე-ჯავახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რუსეთის ადმინისტრაციამ რეგიონიდან მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი თურქეთში გადასახლდა (მუჰაჯირობა), ხოლო მათ ადგილას ოსმალეთის იმპერიიდან (ერზრუმის საფაშოდან) დევნილი სომხური მოსახლეობა ჩამოასახლა. გარდა ამისა, ჯავახეთში დასახლდნენ რუსი სექტანტები, დუხობორები. ამ პროცესმა ჩამოაყალიბა რეგიონის თანამედროვე ეთნო-კულტურული თავისებურებები: რეგიონში დღეს ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ მართლმადიდებელი ქართველები, სომეხი გრიგორიანელები და კათოლიკეები (როგორც ქართველები, ისე სომხები).
ზარზმა (VII-IX სს.)დღეს სამცხე-ჯავახეთი არის უნიკალური კულტურული გზაჯვარედინი, სადაც ისტორიული მესხური მემკვიდრეობა, ტერასული მიწათმოქმედების კვალი და შუა საუკუნეების გრანდიოზული არქიტექტურა თანაარსებობს თანამედროვე მულტიკულტურულ ყოფასთან, რაც მას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენომენად აქცევს
ვარძია (XII-XIII სს.)აღმოსავლეთ კავკასიონის მთებში ხუთი ისტორიული კუთხე: ხევი,მთიულეთი,ფშავი,ხევსურეთი და თუშეთი მდებარეობს. იქ მცხოვრები მთიელები-მოხეევები,მთიულები,ფშავლები,ხევსურები და თუშები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვაჟკაცობით,ამტანობით,შრომისუნარიანობით და ტრადიციების ერთგულებით.
ხევი
ყაზბეგი
ყაზბეგიხევი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სტრატეგიული ისტორიულ- გეოგრაფიული მხარეა, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდინარე თერგის აუზში მდებარეობს. მისი ისტორიული და ეთნო-კულტურული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა გეოგრაფიული იზოლაციის, მკაცრი კლიმატისა და სასაზღვრო ზოლის სტატუსის პირობებში. ხევი, რომელსაც ანტიკურ ხანაში „წანარეთი“ ერქვა, წარმოადგენდა საქართველოს ჩრდილოეთის მთავარ კარიბჭეს (დარიალის გზა). სწორედ ამიტომ მოხევეებს ისტორიულად უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრათ. მათ უნდა დაეცვათ ქვეყანა ჩრდილოელი მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან. ამ მუდმივმა საომარმა მზადყოფნამ განსაზღვრა ადგილობრივი საზოგადოების მეომრული ხასიათი, სიმტკიცე და თავისუფლებისმოყვარეობა.
მოხევეთა სოციალურ-სამართლებრივი სტრუქტურა ეფუძნებოდა მთის ტრადიციულ დემოკრატიას, სადაც ცენტრალური ხელისუფლების პარალელურად უდიდეს როლს თამაშობდა თემური მმართველობა და ადათობრივი სამართალი. ხევი გამოირჩეოდა იმით, რომ აქ ბატონყმობა არასდროს ყოფილა მყარად დამკვიდრებული. მოხევეები თავს „მეფის ყმებად“ მიიჩნევდნენ და უშუალოდ მონარქს ემორჩილებოდნენ, რაც მათ გარკვეულ პრივილეგიებსა და შინაგან ავტონომიას ანიჭებდა. საზოგადოებრივ ცხოვრებას წარმართავდა „ხევისბერი“ - თემის არჩევითი ლიდერი, რომელიც ერთდროულად იყო სამხედრო წინამძღოლი, მოსამართლე და რელიგიური რიტუალების შემსრულებელი. თემის ერთიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ადგილი კი საფიხვნო იყო, სადაც სახალხო კრებაზე წყდებოდა მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.
ყაზბეგი
ყაზბეგიხევის ეთნო-კულტურული თავისებურებების ყველაზე მკაფიო გამოხატულება მისი რელიგიური სინკრეტიზმი და არქიტექტურაა. აქ ქრისტიანობა ორგანულად შეერწყა წარმართულ, წინაქრისტიანულ კულტებსა და მითოლოგიას. მოხევეთა უმთავრესი სალოცავი - გერგეტის წმინდა სამება - არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ მთელი მხარის თავისუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოა. გერგეტის სამებასთან ერთად, ხევში უამრავი ადგილობრივი სალოცავი (ხატი) არსებობს, სადაც დღემდე იმართება ტრადიციული დღეობები (მაგ.ათენგენობა). მხარის არქიტექტურული იერსახისთვის დამახასიათებელია თავდაცვითი ნაგებობები -ქვითკირის ციხე-კოშკები და სათვალთვალო ნაგებობები, რომლებიც ორგანულად ერწყმის კავკასიონის მკაცრ ლანდშაფტს. მოხევური ყოფა-ცხოვრების, ფოლკლორის, მუსიკისა და ცეკვის უნიკალურობამ ხევი ქართული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ხელუხლებელ საგანძურად აქცია.
მთიულეთი
ხადას ხეობაშიმთიულეთი საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და კულტურულად მდიდარი ისტორიულ- გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდინარე თეთრი არაგვის ხეობაში მდებარეობს. მისი გეოგრაფიული მდებარეობა და მკაცრი კლიმატური პირობები საუკუნეების განმავლობაში განაპირობებდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, ტრადიციებსა და ფსიქო- ემოციურ პორტრეტს. მთიულეთი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფლებისმოყვარე სულითა და მებრძოლი ხასიათით. ეს მხარე არასოდეს ყოფილა კლასიკური ფეოდალური სისტემის ნაწილი; აქაური ყოფა თემურ მოწყობასა და ადათობრივ სამართალს ეფუძნებოდა, რამაც შეინარჩუნა საზოგადოებრივი თანასწორობისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის უნიკალური მოდელი.
ჩოხიმთიულეთის ეთნო-კულტურული იდენტობის საფუძველი ტრადიციული რელიგიური წარმოდგენები და სალოცავთა სისტემაა, სადაც ქრისტიანული დოგმატები ორგანულად არის შერწყმული წარმართულ რელიგიასთან. მხარის უმთავრესი სალოცავი “ლომისის წმინდა გიორგის ხატი” მთელი რეგიონის სულიერ ცენტრს წარმოადგენს. „ლომისობის“ დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, საუკეთესოდ ასახავს მთიულთა რიტუალურ კულტურას, სადაც მსხვერპლშეწირვა, ხატის ყმობის ინსტიტუტი, დროშების გამოსვენება ერთიან სინთეზს ქმნის. სალოცავი მთიულისთვის არა მხოლოდ რელიგიური თავშეყრის, არამედ სამართლებრივი და მორალური უზენაესობის ადგილი იყო, სადაც ფიცის დადება ან თემებს შორის დავის გადაწყვეტა ხდებოდა.
მატერიალურ კულტურაში მთიულეთის სავიზიტო ბარათი მისი თავდაცვითი არქიტექტურა, ტრადიციული სამოსი და კულინარიაა. მთიულური ციხე-კოშკები და ქვითკირის სახლები ნათლად მეტყველებს მხარის მუდმივ მზადყოფნაზე თავდაცვისთვის. კულინარიული თვალსაზრისით კი, სწორედ მთიულეთს უკავშირდება ქართული გასტრონომიის შედევრის - ხინკლის - წარმოშობა. ხინკლის მომზადების რიტუალი, თავისი მკაცრად განსაზღვრული ნაოჭების რაოდენობითა და წვენის შენარჩუნების ხელოვნებით, თავდაპირველად სწორედ მთის მკაცრ პირობებში ენერგიის აღდგენისა და სათემო დღეობების განუყოფელი ნაწილი იყო. ფოლკლორი და ზეპირსიტყვიერება მთიულთა სულიერი სამყაროს კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა. მთიულური ლექსი, კაფიაობა და ვაჟკაცური სიმღერები გამოირჩევა მძაფრი ემოციურობით, ლაკონიურობითა და იუმორით. მთიულები დღემდე ინარჩუნებენ სტუმარმასპინძლობის უძველეს კოდექსს, რომელიც მთის მკაცრ კანონებს ეფუძნება, სადაც სტუმარი „ღვთისაა“ და მისი უსაფრთხოების დაცვა მასპინძლისთვის უპირველესი მოვალეობაა. მთიულეთის ეთნო-კულტურული თავისებურებები ქმნის მყარ, მონოლითურ სისტემას, რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ინარჩუნებს თავის პირვანდელ, მორალურ და კულტურულ ფასეულობებს
მთიულეთითუშეთი
თუშეთი
კესელოს ციხეთუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და კულტურულად მდიდარი მხარეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნიკალური სოციალურ-კულტურული და ეთნოგრაფიული გარემო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხარე გეოგრაფიულად იზოლირებულია და კავკასიონის მაღალმთიანეთში მდებარეობს, აქ უცვლელად შენარჩუნდა ისეთი უძველესი ტრადიციები, ადათ-წესები და ყოფითი თავისებურებანი, რომლებიც ბარში დიდი ხანია დაიკარგა. თუშური კულტურის საფუძველს წარმოადგენს ქრისტიანობისა და წარმართული რელიგიის სინკრეტიზმი. მათ სალოცავებში „ხატებსა“ და „ჯვარებში“ დღემდე განსაკუთრებული რიტუალებით აღინიშნება ათენგენობისა და მარიამობის დღესასწაულები.
თუშეთის ეთნო-კულტურულ იდენტობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ტრადიციულ არქიტექტურასა და მეურნეობას. თუშური სოფლები (მაგ. დართლო, დიკლო, კვავლო) ცნობილია თავისი ციხე-კოშკებითა და ფიქლით ნაგები სახლებით, რომლებიც არა მხოლოდ საცხოვრებელ, არამედ თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდნენ. მოსახლეობის მთავარი დარგი ისტორიულად მეცხვარეობა იყო, რამაც განაპირობა თუშების მომთაბარე ცხოვრების წესი -ზაფხულში მთაში ყოფნა და ზამთარში ბარში (ალაზნის ველზე) ჩამოსვლა. ამ ყოფამ შვა უნიკალური თუშური ხელსაქმე: მატყლის დამუშავება, თუშური ფარდაგების ქსოვა, ჭრელი წინდებისა და ნაბდების დამზადება. თუშური ფოლკლორი და მუსიკალური მემკვიდრეობა, გამოირჩევა თავისი ლირიზმითა და სევდიანი, მაგრამ ამავე დროს მებრძოლი სულით. თუშური გარმონი და სიმღერები, ისევე როგორც ადგილობრივი ზეპირსიტყვიერება, ასახავს მთიელთა მძიმე ყოველდღიურობას, თავისუფლების სიყვარულსა და მჭიდრო კავშირს ბუნებასთან. თუშური ეთნოსის კიდევ ერთი უცვლელი კანონია სტუმართმასპინძლობის კულტი და შინაგანი სოციალური სამართალი, რომელსაც უხუცესთა საბჭო და ტრადიციული სამართლის ნორმები არეგულირებდნენ. ყოველივე ეს თუშეთს აქცევს ცოცხალ მუზეუმად, სადაც წარსული და აწმყო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
თუშეთისკენ მიმავალი გზა
დიკლოს ციხეფშავი
ფშავი
ლებისკარიფშავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც გამოირჩევა თავისი თვითმყოფადი ეთნო- კულტურული ტრადიციებით. არაგვის აუზში მდებარე ეს კუთხე საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა მტკიცე იდენტობას, რაც განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული იზოლაციითა და მთიელთა მკაცრი ყოფით. ფშაველები, როგორც ქართველ მთიელთა გამორჩეული ჯგუფი, ყოველთვის წარმოადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრების საიმედო მცველებს. მათი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისუფლებისმოყვარეობასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თავისებურ, ხელშეკრულებებზე დაფუძნებულ კავშირთან.
ფშავის სოციალურ -კულტურული სტრუქტურის საფუძველს თემური მოწყობა და ხატობის ინსტიტუტი წარმოადგენს. ფშავის თორმეტივე თემს თავისი სალოცავი - ხატი ჰყავს, რომელთა შორის უპირატესი ლაშარის ჯვარია. ხატი მთიელთათვის და რა თქმა უნდა ფშაველისათვის არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ უზენაესი მსაჯული, სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი და სათემო ერთიანობის სიმბოლო იყო, რომელიც დღემდე შემორჩენილია.
ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეომიხუცესთა და დასტურთა ინსტიტუტები მართავდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რაც ფშავურ ყოფას უნიკალურ, ნახევრად თეოკრატიულ და ნახევრად დემოკრატიულ ელფერს სძენდა. სწორედ ქრისტიანობისა და წარმართული ელემენტების სინთეზმა შვა გამორჩეული რელიგიური სინკრეტიზმი. ფშავის ეთნო-კულტურული ფენომენის გვირგვინი მისი ზეპირსიტყვიერება და პოეტური ტრადიციაა. ფშაველი ადამიანის ბუნება წარმოუდგენელია ლექსისა და მუსიკის გარეშე. აქაური ყოფის უნიკალური გამოვლინება - კაფიაობა -იმპროვიზაციული გაბაასება ლექსად, და ასევე წაწლობისა თუ სწორფრობის უნიკალური ინსტიტუტი, რომელიც ახალგაზრდებს შორის სუფთა, პლატონურ და რაინდულ სიყვარულს ეფუძნებოდა. ფშაველების ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, ბუნების გაფეტიშება და ადამიანური მორალის უზენაესობა, წარმოადგენს ამ კუთხის მატერიალურ და არამატერიალურიმემკვიდრეობას - ქართული კულტურის საგანძურის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და საინტერესო მარგალიტს.
ხევსურეთი
მუცოხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თვითმყოფადი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად შეინარჩუნა თავისი უნიკალური ეთნოკულტურული სახე. მკაცრმა კლიმატმა, იზოლირებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და მუდმივმა თავდაცვითმა რეჟიმმა ჩამოაყალიბა ხევსურთა განსაკუთრებული ყოფა-ცხოვრების წესი წინაქრისტიანული და ქრისტიანული რელიგიების სინთეზმა აქ შექმნა უნიკალური რელიგიურ-სოციალური ინსტიტუტები, სადაც სათემო ცხოვრებას „ჯვარი“ (ადგილობრივი ღვთაება) და მისი მსახურები (ხევისბერები და დასტურები) წარმართავდნენ. ხევსურული საზოგადოება მტკიცე ადათ-წესებზე, სამართლებრივ ნორმებსა და პიროვნულ ღირსებაზე იყო დაფუძნებული.
ხევსურეთის მატერიალური კულტურის უმთავრესი სავიზიტო ბარათი მისი თავდაცვითი არქიტექტურა და ტრადიციული სამოსია. კლდეებზე შეფენილი ციხე-სოფლები, როგორიცაა შატილი, არდოტი, მუცო, საინჟინრო ხელოვნების შედევრებია, რომლებიც ერთდროულად საცხოვრებელ და მძლავრ თავდაცვით ფუნქციას ასრულებდნენ. არანაკლებ შთამბეჭდავია ხევსურული სამოსი , რომელიც უხვად არის მოქარგული გეომეტრიული ორნამენტებითა და ჯვრის გამოსახულებებით. ეს სიმბოლოები მხოლოდ ესთეტიკურ როლს კი არ ასრულებდნენ, არამედ მაგიურ- ამულეტურ დატვირთვას ატარებდნენ და მფლობელს ბოროტი ძალებისგან იცავდნენ. ხევსურები განთქმულნი იყვნენ ჭედურობისა და იარაღის დამზადების ხელოვნებითაც, რაც მათი მებრძოლი სულისკვეთების პირდაპირი გამოძახილი იყო.
შატილიამ მხარის სულიერ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზეპირსიტყვიერებასა და სოციალურ ადათებს. ხევსურული პოეზია გამოირჩევა ღრმა დრამატიზმით, მითოლოგიური სახეებითა და სამშობლოსათვის თავდადების იდეით. თუმცა, ხევსურული ეთნოსის ყველაზე უცნაურ და ამავდროულად ჰუმანურ ფენომენად „სწორფერობა“ ითვლებოდა - ქალ-ვაჟის სიყვარულისა და მეგობრობის უნიკალური ინსტიტუტი, რომელიც მკაცრ მორალურ ჩარჩოებსა და სულიერ სიახლოვეს ეფუძნებოდა. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს ტრადიციები ხევსურეთს აქცევს ცოცხალ მუზეუმად, რომელიც დღესაც გვაოცებს თავისი რაინდული კოდექსით, მდიდარი სიმბოლიკითა და განსაკუთრებული წესჩვეულებებით. საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების მრავალფეროვნება ქვეყნის კულტურული სიმდიდრის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.თითოეულ მხარეს აქვს ენა ან დიალექტი,ტრადიციები,ფოლკლორი,ცხოვრების წესი,რაც მთლიანობაში ქართული კულტურის უნიკალურ სახეს ქმნის.
თამარ ყუფარაძე ხელოვნებათმცოდნე