„ქართული მრავალხმიანობის ციფრული თვითმასწავლებელი“ ფართო მომხმარებელს სთავაზობს რთული მრავალხმიანი სიმღერების შესწავლას მარტივად — აუდიალური და ვიზუალური პროგრამული ელემენტების გამოყენებით.

„ციფრული თვითმასწავლებლის“ პროგრამა გათვლილია მომხმარებელზე, რომელსაც არ აქვს პროფესიული მუსიკალური განათლება, მაგრამ გააჩნია მუსიკალური სმენა, ვოკალი და ინტერესი — მარტივად შეისწავლოს ქართული პოლიფონიის რთული და ულამაზესი ნიმუშები.

პროგრამის მეშვეობით მომხმარებელი დაინახავს და მოისმენს სამ ბილიკზე (ტრეკზე) განთავსებულ სამხმიან სიმღერას სიტყვიერი ტექსტით სრულ სინქრონში.

  • მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი შესასწავლი ხმა და გათიშოს დანარჩენი ხმების როგორც ვოკალი, ასევე სიტყვიერი ტექსტი, ან დატოვოს ტექსტის გამოსახულება სურვილის მიხედვით.
  • მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ჩაციკლოს ნებისმიერი მუსიკალურ-ტექსტუალური ფრაგმენტი — მარცვალი, ფრაზა, სტრიქონი, მთელი სტროფი და ა.შ. მრავალჯერად გამეორებას ააყოლოს თავისი ხმა და შეისწავლოს ზედმიწევნით.
  • ერთი ხმის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გათიშოს შესწავლილი ხმის ვოკალი და ტექსტიც — სურვილის მიხედვით — და თვითონ იმღეროს შესწავლილი პარტია სტუდიურად ჩაწერილ სხვა ხმებთან ერთად.
  • ასეთნაირად მას შეუძლია სრულყოფილად ისწავლოს სამივე ხმა, ანუ სრულად მთელი სიმღერა.
  • მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს თავისი ნამღერის ჩანაწერი, როგორც სოლო, აგრეთვე სტუდიურ ხმებთან ერთად.
  • მომხმარებელს შეუძლია გააკეთოს ჩანაწერების შეუზღუდავი ვარიანტები. აგრეთვე შეუძლია გააკეთოს საკუთარი ნამღერის მონტაჟი, ჩანაწერების მონიშვნა და შენახვა.
  • მომხმარებელს შეუძლია ხმის პარტიის შესწავლის პროცესში ეკრანზე გამოიტანოს სრული ტექსტი, ან ცალკე გამოიტანოს სრული ტექსტი და ამოირჩიოს ტექსტიდან რომელიმე მონაკვეთის ვოკალის მოსმენა.
  • მომხმარებელს საშუალება ეძლევა, აირჩიოს ტექსტის ენა.
  • პროგრამას გააჩნია მოკარნახის ფუნქცია — საჭირო ადგილზე ისრის მიტანის დაყოვნებით.
  • პროგრამა ითვალისწინებს მხედველობის დაქვეითების პრობლემას და უზრუნველყოფს მისაწვდომობას ვიზუალური ეფექტით — მაღალი კონტრასტით.
  • პროგრამას აქვს ხმის გამოცემის მხარდაჭერა სრული უსინათლობისათვის.
  • პროგრამა ითვალისწინებს კლავიატურით ნავიგაციას ისრების მეშვეობით.

თუ გაქვს ინტერესი და სურვილი — დაინახო და შეისწავლო მრავალხმიანი სიმღერა მარტივად, ითამაშო ხმებთან და ააწყო საკუთარი ნამღერის კომპოზიციები — მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა! ისწავლე ხმებთან ურთიერთობა და გახდი პოლიფონიური სამყაროს მონაწილე!